პეტრე მამრაძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციაზე: „უნდა მოვემზადოთ საკმაოდ მასშტაბური კონფლიქტისთვის“

17

„უნდა მოვემზადოთ კონფლიქტისთვის – თან საკმაოდ მასშტაბურისთვის. ეს აშკარაა და ეჭვს არ იწვევს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„ირანი ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს სპარსეთის ყურის მხრიდან. ირანის გემები სანაპიროს მიჰყვებიან, გამოდიან ტერიტორიული წყლებიდან და პირდაპირ პაკისტანის ტერიტორიულ წყლებში შედიან. იქ მათ არ აჩერებენ (აქ ჩინეთის ფაქტორიც მოქმედებს), მაშინ როდესაც სხვა გემებისთვის ამ მიმართულებს შეერთებული შტატები ბლოკავს. შედეგად, ფაქტობრივად ორმხრივი ბლოკადა იქმნება: ერთ მხარეს ჰორმუზის სრუტეს ბლოკავს ირანი, მეორე მხარეს კი – ამერიკის საზღვაო ძალები, მათ შორის ხომალდები და ავიაცია.

ამ ფონზე, დონალდ ტრამპს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და მან კონგრესს ოფიციალურად მიმართა წერილით, რომ საომარი მოქმედებები უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა მათი გაგრძელება, რადგან უკვე ორი თვეა გასული.

ამავდროულად, კონგრესისთვის მიმართვამდეც და ამ დღეებშიც, ინტენსიურად მიმდინარეობდა დამატებითი ძალების გადასროლა ჰორმუზის სრუტის მიმართულებით. საუბარია უმაღლესი დონის სპეცდანიშნულების დანაყოფებზე. ადგილზე უკვე დაახლოებით 15 000 სამხედროა მობილიზებული. ოფიციალურად გამოცხადებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეს ძალები შევლენ ჰორმუზის სრუტეში და უზრუნველყოფენ ტანკერების უსაფრთხო, მშვიდობიან გადაყვანას ომანის მიმართულებით. ამასთანავე, სრუტეში შესვლის შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ ტანკერს. მთლიანობაში, ეს ოპერაცია ჟღერს როგორც სამშვიდობო მისია, რომლის მიზანია მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიის – ენერგეტიკული დერეფნის — აღდგენა.

ამასობაში, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლამ, განაცხადა, რომ ამერიკელებს ჰორმუზის სრუტეში არაფერი ესაქმებათ. შეიარაღებული ძალების სარდალმაც აღნიშნა, რომ „ტრამპის ბოდვითი პოსტები“ ვერ უზრუნველყოფს ამერიკული ძალების შესვლას სრუტეში და მათ იქ თარეშს. მისი თქმით, ეს არ მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლა გარდაუვალია – როგორი ფორმით იბრძოლებენ, ეს უკვე სხვა საკითხია.

როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილებები მიღებულია სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური მრჩევლების რეკომენდაციით, რომელთაც ტრამპი დიდხანს არ უჯერებდა. მანამდე საუბარი იყო სხვადასხვა სცენარზე – მათ შორის ხარკის კუნძულის დაკავებაზე, სანაპირო ზოლის კონტროლზე, სამხედრო ხომალდების უშუალო შეყვანაზე და ასე შემდეგ. ამ გეგმებთან დაკავშირებით ტრამპი სვამდა კითხვას: „ხომ არ გამოიწვევდა ეს ამერიკული მხარისთვის მსხვერპლს?“ პასუხი დადებითი იყო. ამ შემთხვევაში ჩნდებოდა პოლიტიკური რისკიც – რესპუბლიკელების შესაძლო მარცხი არჩევნებში და მისი პირადი პასუხისმგებლობა, მათ შორის იმპიჩმენტის საფრთხე. სწორედ ამ მიზეზებით ტრამპი უკან იხევდა და ვითარება აქამდე მივიდა.

ახლა კი, როცა 60 დღე უკვე გასულია, პროცესები ახალ ფაზაში გადადის. ირანი, დიდი ალბათობით, წინააღმდეგობას გაუწევს. რადგან გამორიცხულია, რომ აიათოლები უმოქმედოდ დარჩნენ. ამავე დროს, არც შეერთებული შტატებია უკანდამხევი. შესაბამისად, წინ რთული და დაძაბული პროცესები გველოდება“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.