„ემირატები ხედავენ, რომ დამოუკიდებლად მოქმედების შემთხვევაში უფრო მეტ მოგებას მიიღებენ და ნაკლებ ზარალს ნახავენ, ვიდრე ორგანიზაციაში დარჩენისას“ — პეტრე მამრაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ოპეკის დატოვებაზე

17

„ემირატები ხედავენ, რომ დამოუკიდებლად მოქმედების შემთხვევაში უფრო მეტ მოგებას მიიღებენ და ნაკლებ ზარალს ნახავენ, ვიდრე ორგანიზაციაში დარჩენისას“ – ასე შეაფასა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ოპეკის დატოვების გადაწყვეტილება.

„ეს ნაბიჯი, პირველ რიგში, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანას სურს მეტი თავისუფლება ფასების განსაზღვრაში. ოპეკის არსიც სწორედ ისაა, რომ წევრი ქვეყნები შეთანხმებულად მოქმედებენ და ერთობლივად ადგენენ ნავთობის მოპოვებისა და ფასების პოლიტიკას.

მიმდინარე კრიზისის ფონზე, ემირატები ხედავენ, რომ დამოუკიდებლად მოქმედების შემთხვევაში უფრო მეტ მოგებას მიიღებენ და ნაკლებ ზარალს ნახავენ, ვიდრე ორგანიზაციაში დარჩენისას.

ოპეკის სტაბილურობას აქამდე უზრუნველყოფდა ის, რომ საერთო ჯამში ყველა წევრი კმაყოფილი იყო და მოგებას იღებდა. ახლა კი ორგანიზაციაში გარკვეული რღვევებია – ვხედავთ, როგორ მერყეობს ნავთობის ფასი ბოლო ორი თვის განმავლობაში: ერთ დღეს მკვეთრად ეცემა, მეორე დღეს კი ისევ იზრდება. მსგავსი არასტაბილურობა აქამდე არ ყოფილა.

ამიტომ, ეს პროცესი არ ნიშნავს, რომ სისტემა იშლება — უბრალოდ როგორც დიდ, ისე მცირე მოთამაშეებს სურთ მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰქონდეთ“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.