„ტრამპი თავის მუქარას შეასრულებს“ – პეტრე მამრაძე ტრამპის ნატოსთან დაკავშირებულ განცხადებებზე

19

„ნაწილობრივ ტრამპი თავის მუქარას შეასრულებს. ბოლო პერიოდში ღიად წერენ, რომ მას ორი ძირითადი მოტივაცია ამოძრავებს – შურისძიება, რაც მას ხშირად ახასიათებს, და მეორე – მუდმივი პიარი“, – ასე შეაფასა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ დონალდ ტრამპის განცხადებები ნატოდან შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით.

„ნატოსთან დაკავშირებით, ემანუელ მაკრონი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აცხადებდა, რომ „ნატოს ტვინი გარდაიცვალა“. დაახლოებით 5–6 წლის წინ ეს განცხადება ბევრისთვის გადაჭარბებული ჩანდა, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ უკვე რეალობად იქცა.

დონალდ ტუსკმაც განაცხადა, რომ გერმანიიდან ამერიკული ჯარების ნაწილი გადის – მართალია, დაახლოებით 5 ათასი სამხედრო ტოვებს ქვეყანას, ხოლო 30 ათასზე მეტი რჩება, მაგრამ მაინც ჩანს, რომ ალიანსში გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს.

ბოლო წლებში ნატო, განსაკუთრებით ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაბამისად, ევროპაში სულ უფრო აქტიურად განიხილავენ დამოუკიდებელი, ალტერნატიული ევროპული უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნის იდეას.

ურსულა ფორ დენ ლაიენის გამოსვლაც, რომელიც დღეს ერევანში მიმდინარე სამიტზე გაკეთდა, სწორედ ამ კონტექსტს უკავშირდებოდა. მისი თქმით, დღეს სამი ძირითადი გამოწვევა არსებობს: ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და თავდაცვა“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.