„რასაც ჩვენთან „რუსული კანონი“ დაარქვეს, ესტონეთის შემთხვევაში რატომღაც „რუსულ კანონად“ აღარ განიხილავენ“, – ასე გამოეხმაურა ესტონეთში პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ისტორიკოსი, ედიშერ გვენეტაძე.
„მინდა დავიწყო ლირიკული გადახვევით. ყველას გვახსოვს ქართული მხატვრული ფილმი „ხარება და გოგია“ – იქ არის სცენა, როდესაც ილო ბებურიშვილთან „სტრაჟნიკები“ მიდიან და ეკითხებიან: „რა გითხრესო?“ – „რა მითხრეს და კაცობა უნდა მიატოვო და „ის“ უნდა დაიწყოო…“ აი, ზუსტად ასეა ახლა საქმე. ამ ევროპელებსა და მათ ეგრეთ წოდებულ „შესტიორკებს“ ეს ხელობა დიდი ხანია დაწყებული აქვთ, მაგრამ საქართველო ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს.
თურმე კარგი ყოფილა, არა? როდესაც ნახეს, რომ მათი მცდელობებისა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა არ დათმო ის, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტი ჰქვია, და არ მისცა მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიჯდა – გვახსოვს, როგორ წაუკიდეს ცეცხლი რუსთაველის პროსპექტს, როგორ შეურაცხყოფდნენ საკულტო ნაგებობებს, ბოლოს იქამდეც მივიდნენ, რომ სამართალდამცველების ცოცხლად დაწვაც სცადეს.
ამ ყველაფერს მხარს უჭერდნენ ჩვენი „მეგობრები“, დასავლური დემოკრატიისთვის თითქოს დაუღალავად მებრძოლი ადამიანები. რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ არ მოსწონთ, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ არ გააკეთა ის, რაც სადღაც, რომელიღაც კუნძულზე, ვიღაცას სურს.
ამიტომ უნდოდათ, აქ ჰყოლოდათ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ მითითებებს უსიტყვოდ შეასრულებდნენ და შემდეგ აქ „ჯღავილს“ ატეხავდნენ. ეს საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვა და არ გააკეთა, ვინაიდან ისინი ქართველი ხალხის მიერ არჩეულნი არიან. ასე რომ არ ყოფილიყო, ეს გადატრიალება – უკვე მეექვსე მცდელობა, რომელიც მათ, სხვა მცდელობების მსგავსად, ჩაეფუშათ – ქვეყნისთვის გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანდა.
ესტონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს რა აქვთ სალაპარაკო? თუ ასეთი ძლიერები არიან, დღემდე რატომ გადის მოსკოვიდან კიონიგსბერგამდე სარკინიგზო ხაზი? ჩაკეტონ, თუ მართლა ასეთები არიან. მაგრამ არა – ეშინიათ.
საქმე იმაშია, რომ ძალას, რომელსაც „დიფსთეითი“ ჰქვია, სურს ხელისუფლებაში ჰყავდეს ისეთი მთავრობები, როგორებიც ბალტიის ქვეყნებში და ევროკავშირის მათდამი მორჩილ სახელმწიფოებში ჰყავთ. სწორედ ამ მიმართულებით მიდის ყველაფერი.
ახლა ესტონეთს „თითი დაუქნიეს“ და უთხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან ვითარება ასე მოითხოვს. მაგრამ რატომ არის ეს საჭირო? იმიტომ, რომ დღეს ძალიან სერიოზული ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ მათ უპირისპირდებიან პროგრესული და კონსერვატიული პოლიტიკური ძალები ევროპის ტერიტორიაზე, რომელთაც საკუთარი ფინანსური რესურსებიც გააჩნიათ. სწორედ ამ ძალების წინააღმდეგ არის მიმართული ის, რასაც ჩვენთან „რუსული კანონი“ დაარქვეს, ესტონეთის შემთხვევაში კი იგივე მიდგომას „რუსულ კანონად“ რატომღაც აღარ განიხილავენ“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.


