„ამ ადამიანებმა მიიღეს ის, რაც მათ კანონით ეკუთვნით, რადგან ზედმეტი დათმობა და თავზე ხელის გადასმა მომავალში კიდევ უფრო მძიმე პროცესებს გამოიწვევს“ – ედიშერ გვენეტაძე 4 ოქტომბრის საქმეზე

15

„ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ და მიიღეს კიდეც ის, რაც მათ კანონით ეკუთვნით, რადგან ზედმეტი დათმობა და თავზე ხელის გადასმა მომავალში კიდევ უფრო მძიმე პროცესებს გამოიწვევს“ – ასე ეხმაურება ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ამ ფენომენს მე ვუწოდებ „ოქტომბრელებს“. გახსოვთ 25 ოქტომბერი – მაშინდელი მოვლენები, რომელსაც „ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია“ ერქვა. ზუსტად იმ ანალოგიით, ესენიც „ოქტომბრელები“ არიან, რომლებიც, იგივე გადატრიალების გამეორებას ცდილობდნენ – როგორიც იყო მაშინ სმოლნში – შეკრებები, შემდეგ ზამთრის სასახლეზე შეტევის დაგეგმვა და ასე შემდეგ.

ვფიქრობ, დადგება დრო, როგორც ამას დაგვპირდა ბატონი მამუკა მდინარაძე, ეტაპობრივად გასაჯაროვდება ყველაფერი და საზოგადოებისთვის ბევრი რამ გახდება ნათელი.

დღეს ოპოზიციურ ძალებში დიდი „კაკაფონიაა“ ატეხილი – მსჯელობენ, ჩაიდინეს თუ არა ამ ადამიანებმა დანაშაული. ზოგი ამ ყველაფერს ადმინისტრაციულ დარღვევადაც კი განიხილავს, თითქოს ეს ადამიანები ქვეყნის გადატრიალებას კი არ გეგმავდნენ, არამედ ლუდი დალიეს და საფასური არ გადაიხადეს.

თუ ისინი მართლები არიან და დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაშინ არსებობს სტრასბურგის სასამართლო და შეუძლიათ იქ გაასაჩივრონ, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ, ამას ასევე ვერ აკეთებენ ვინმე მზია ამაღლობელის მიმართ, იმ ვითომდა სინდისის პატიმრების მიმართ, ეგრეთწოდებული პოლიტპატიმრების მიმართ, იმიტომ რომ იციან იქედან „პირში ჩალაგამოვლებულები“ წამოვლენ.

როგორც ქართულ ანდაზაშია ნათქვამი — „არ გასწორდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითაო“. ამიტომაც მინდა ხელისუფლებას მივმართო და ვუთხრა – ალექსანდრე მაკედონელს როდესაც შესთავაზეს გორდიასის კვანძის გახსნა, რაც მანამდე ბევრმა სცადა და ვერ შეძლო, მან პირდაპირ დაჰკრა და ეს კვანძი გადაჭრა. ასევე, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. სანახევროდ საქმე არ კეთდება. ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ და მიიღეს კიდეც ის, რაც მათ კანონით ეკუთვნით, რადგან ზედმეტი დათმობა და თავზე ხელის გადასმა მომავალში კიდევ უფრო მძიმე პროცესებს გამოიწვევს – რაც 1992 წლის დეკემბრიდან მოყოლებული არაერთხელ ვიხილეთ“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.