ზურაბ ქადაგიძე უკრაინასთან ურთიერთობაზე: „თუ გვინდა ურთიერთობის თავიდან დაწყება, მაშინ ჯერ უფლებები უნდა გავათანაბროთ, ერთმანეთს პატივი ვცეთ, მოვხსნათ ყველა ბარიერი ურთიერთობაში და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ“

12

„თუ გვინდა ურთიერთობის თავიდან დაწყება, მაშინ ჯერ უფლებები უნდა გავათანაბროთ, ერთმანეთს პატივი ვცეთ, მოვხსნათ ყველა ბარიერი ურთიერთობაში და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრისას განაცხადა.

„არსებობს გარკვეული წითელი ხაზი – რომ თუნდაც ოკუპანტს ჯერ დეოკუპაციაზე უნდა ესაუბრო და შემდეგ პარტნიორობაზე. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, ასევე მაქვს ამის სურვილიც, რომ ქალბატონ მინისტრთან პირველი კონტაქტიც სწორედ ამგვარი იქნებოდა. სხვა შემთხვევაში საუბარი უკვე უთანასწორო ფორმატში გადადის.

როდესაც გეუბნებიან: „მე შენი ძმა ვარ, როცა მინდა დაგასანქცირებ, როცა მინდა ომში წასვლისკენ მოგიწოდებ, როცა მინდა აფხაზეთისკენ გასეირნებისკენ და ტანკების ამოქოქვისკენ, მაგრამ როცა მომინდება, ხელს ჩამოგართმევ, შენთან ფოტოს გადავიღებ და საერთაშორისო განცხადებასაც გავაკეთებ“ – ეს არის უკვე უთანასწორო საუბარი.

აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი საგარეო პოლიტიკა ძალიან სწორი და ხისტია – და ასეც გაგრძელდება – თუ გვინდა ურთიერთობის თავიდან დაწყება, მაშინ ჯერ უფლებები უნდა გავათანაბროთ, ერთმანეთს პატივი ვცეთ, მოვხსნათ ყველა ბარიერი ურთიერთობაში და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.