„მაქვს ამბიცია, ყველას ვუთხრათ, რომ ევროპა მხოლოდ ბრიუსელი არ არის — ევროპა არის საქართველო და ბევრი ევროპული იდეა სწორედ საქართველოდან იწყებოდა. ამიტომ ბრიუსელმა არ უნდა ჩათვალოს, რომ შეუძლია მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენი მონაწილეობისა და ნების გარეშე გადაწყვიტოს“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
„მგონია, რომ ბრიუსელი ადრე თუ გვიან იძულებული გახდება რეალობა აღიაროს. უკვე ეტყობა კიდეც, რომ ხედავენ – კავკასიაში გავლენებს კარგავენ. სწორედ ამიტომ გააქტიურდნენ სომხეთის მიმართულებით, დაიწყეს საუბარი ევროპულ ცენტრზე და „შუა დერეფანზე“. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ სასაცილოა. საკმარისია რუკას დახედო, რომ მიხვდე – საქართველოს გარეშე შუა დერეფანზე საუბარი წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სომხეთს ზღვაზე გასასვლელიც კი არ აქვს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბრიუსელს ადრე თუ გვიან მოუწევს საკუთარი განცხადებების გადახედვა და უკან წაღებს.
თუ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბრიუსელის პოლიტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათი ურთიერთობის მთავარი მეთოდი მხოლოდ „ხელის გადაგრეხვაა“ – სხვაგვარ ურთიერთობას ვერ გვთავაზობენ. ქმნიან სხვადასხვა ფორმატს, ჰიბრიდულ გაერთიანებებს, „ტრიოებს“ და შემდეგ ცდილობენ, რომ ერთსა და იმავე ნარატივში ყველა ქვეყანა ამ „ტრიოში“ მოაქციონ. ერთ-ერთ ასეთ „ტრიოში“ მყოფი ქვეყანა დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია და საქართველოსთვის მსგავსი მომავლის წარმოდგენაც არ მინდა. მოლდოვაშიც კი ისმის განცხადებები, რომ რუმინეთთან გაერთიანება ევროკავშირში გაწევრიანების უფრო მოკლე გზა იქნება. ჩვენ არ გვინდა ასეთი გზა და საერთოდ, არცერთი კავშირის წევრობა არ გვინდა მსგავსი მეთოდებით.
ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ მოქმედებენ დღეს გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები პრაქტიკულად ერთ ტანდემში. თუ 2022 წლის განცხადებებს და დღევანდელ გზავნილებს შევადარებთ, იქ მხოლოდ წინადადებებია გადაადგილებული – შინაარსი ფაქტობრივად იგივე დარჩა. თუ ადრე ომის რიტორიკაზე საუბრობდნენ, ახლა ადამიანის უფლებებზე, „კამიტზე“ და სხვა მსგავს სიგიჟეებზე საუბრობენ. საბოლოოდ, ალბათ, თავადაც მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ეს მიდგომა უნდა დასრულდეს და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე თავად ბრიუსელიც მიხვდება, რომ თუ შუა დერეფანი და ენერგოდამოუკიდებლობა სურს, საქართველოს ამ ჯაჭვიდან ვერ ამოაგდებს.
მაქვს ამბიცია, ყველას ვუთხრათ, რომ ევროპა მხოლოდ ბრიუსელი არ არის — ევროპა არის საქართველო და ბევრი ევროპული იდეა სწორედ საქართველოდან იწყებოდა. ამიტომ ბრიუსელმა არ უნდა ჩათვალოს, რომ შეუძლია მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენი მონაწილეობისა და ნების გარეშე გადაწყვიტოს“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.


