„ხალხის ძალა“ ცდილობს იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას მუდმივად ტონუსში ამყოფებს – ამის სრული ლეგიტიმური უფლებაც გვაქვს“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ 2012 წლის შემდეგ გუნდი, რომელიც იყო ერთიანი და წლების განმავლობაში ეტაპობრივად ვითარდებოდა, გარკვეულწილად დაიშალა და ბევრი ადამიანის რესურსი შეიძლება ითქვას, რომ გაიფანტა. ეს რეალობა სამწუხაროა, თუმცა მეორე მხრივ, პოლიტიკა არის პროცესი, სადაც ვიღაცამ საკუთარი თავი გამოავლინა, ვიღაცამ – ვერა. აქ საუბარია უფრო დამოკიდებულებებსა და მიდგომებზე, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა რეგიონებში.
ჩვენ ახლა რეგიონულ ტურნეს ვმართავთ, ვხვდებით ფრაქციებს და ამ შეხვედრებზე ხშირად იკვეთება აზრი, რომ სამწუხაროდ პროცესებს მიღმა დარჩა ბევრი ადამიანი, რომლებმაც 2012 წლის მოვლენებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
აქედან გამომდინარე, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებმაც, მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად დააფუძნეს „ქართული ოცნება“ — მთელი ლიდერშიპი, დაწყებული სოზარ სუბარიდან და დამთავრებული დიმიტრი ხუნდაძით — გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობენ ამ პროცესებზე. სწორედ ამიტომ რეგიონებში არსებობს განსაკუთრებული მოლოდინი „ხალხის ძალის“ მიმართ.
როდესაც რეგიონებში ჩავდივართ, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ რეალურად ვცვლით იმ აღქმულ პოლიტიკურ პარადიგმას, რომელიც საზოგადოებაში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა — თითქოს თუ ქვა არ ესროლე, არ გალანძღე, არ მოაწყვე საბოტაჟი ან არ გამოიყენე ძალადობრივი მეთოდები, განსხვავებული აზრის გამოხატვის ლეგიტიმური უფლება არ გაქვს. სამწუხაროდ, ასეთი აღქმა არსებობდა, რაც რეალურად ასე არ არის.
ამასთან, პარლამენტშიც საკმაოდ ხისტი დამოკიდებულება გვაქვს გარკვეულ საკითხებზე და ვცდილობთ, ვიყოთ ის კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას მუდმივად ტონუსში ამყოფებს. ამის სრული ლეგიტიმური უფლებაც გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.


