ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც გააკრიტიკა სოფიაში გერმანიის ელჩი, ირენე პლანკი იმის გამო, რომ წინა საღამოს დედაქალაქში გამართულ „Justice for All-ის” საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, – წერს ბულგარული მედიასაშუალება “The Sofia Globe”.
სტატიის მიხედვით, სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ელჩის სახელი პირდაპირ არ უხსენებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ უცხოელი დიპლომატები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ეკიდებოდნენ შიდაპოლიტიკურ პროცესებში საჯარო გამოჩენას, რათა მათი ყოფნა პოლიტიკური მიზნებისთვის არ იქნეს გამოყენებული. ასევე, ხაზგასმულია, რომ აუცილებელია მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით პატივისცემისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვა.
„სამინისტრო მიმართავს ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებსა და მათ ხელმძღვანელებს, განსაკუთრებული ყურადღება და პროფესიული სიფრთხილე გამოიჩინონ საჯარო სივრცეში გამოჩენისას, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის. ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი ჩართულობა შეიცავს რისკს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლები აღმოჩნდნენ პოზიციაში, რომელიც შეუთავსებელია მათი მანდატის ბუნებასა და დიპლომატიური სამსახურის ფუნქციებთან“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გერმანიის საელჩომ განმარტა, რომ გერმანიის ელჩი ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესს რეგულარულად აკვირდება და ზოგჯერ ეს მათ შორის, საპროტესტო აქციებზე დასწრებასაც მოიცავს. „ზოგჯერ ეს სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე პირადი შთაბეჭდილებების შეგროვებასაც გულისხმობს“. საელჩოს განმარტებით, სწორედ ეს იყო ელჩ ირენე პლანკის პროტესტზე მისვლის მიზეზი.


