პატრიარქი შიო მესამე: „მინდა, მეუფე დანიელს დიდი მადლობა გადავუხადო დალოცვისთვის. მეუფევ, შემთხვევითი არ არის, რომ თქვენ ილია მეორე ახსენეთ სიტყვის დასასრულს. ის მამა იყო ჩვენი და ვალია მართლაც, გავაგრძელოთ მისი დიდი საქმე“

13

„პირველ რიგში, სანამ მე ჩემს სიტყვას ვიტყვი სამადლობელს, მინდა, მეუფე დანიელს დიდი მადლობა გადავუხადო თბილი სიტყვებისთვის და დალოცვისთვის. მეუფევ, შემთხვევითი არ არის, რომ თქვენ ილია მეორე ახსენეთ სიტყვის დასასრულს, ასეთი სითბოთი და სიყვარულით, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია. მე გამახსენდა ცნობილი ისტორია, როდესაც წინასწარმეტყველი ილია ზეცად ამაღლდა და ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ადგილას, სადაც დაფლულია ხალენი მისი. თქვენ ახსენეთ თქვენს სიტყვაში, თქვენო მეუფებავ და შემთხვევითი არ არის, რომ თქვენ ეს თქვით, იმიტომ, რომ ჩვენ, ყველა, ვართ მისი ოჯახი. ის ჩვენი დიდი მამა იყო და ჩვენი ვალია მართლაც, როგორც თქვენ ბრძანეთ, გავაგრძელოთ მისი დიდი საქმე“, – განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში, ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ.

„ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ელისე წინასწარმეტყველის ამბავი, – სთხოვდა უფალს, რომ ილია წინასწარმეტყველის მრჩობლი მადლი მიეცა მისთვის და აი, წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ ელისე წინასწარმეტყველს ეწოდებაო მრჩობლი ილია. ასეთი საოცარი შედარება მოჰყავს. საოცარ სახელს უწოდებს. მრჩობლი ილია იმიტომ, რომ ის ევედრებოდა, მრჩობლი მადლი მიეღო, ვიდრე ილია წინასწარმეტყველსო, მაგრამ ამას იმიტომ კი არ ევედრებოდაო, რომ უნდოდა, რაიმეში გასჯიბრებოდა, ან ეჯობა, ან ილიაზე უკეთესი ყოფილიყო, არამედ იმიტომ ითხოვდა მრჩობლ მადლს, რომ გრძნობდა, ორმაგად, სამმაგად უფრო უძლურია ილიასთან შედარებით. აი, სწორედ ამიტომ ითხოვდა ამ მრჩობლ მადლს. ამიტომ ეწოდა მას მრჩობლი ილია.

თქვენ რომ ახსენეთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მე ძალიან გამიხარდა, ვინაიდან ჩვენ ყველამ უნდა ვითხოვოთ უფლისგან ეს მრჩობლი მადლი, ვიდრე მას ჰქონდა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება“, – აღნიშნა შიო მესამემ.