შალვა პაპუაშვილი: “ცდილობენ, გადაგვიყვანონ იმ სულიერი მთავარი ხაზიდან, რასაც ქართველი ხალხი საუკუნეებია, მისდევს. აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ესენი არიან იგივე სახეები, ვინც ებრძვის სახელმწიფოს, და იგივე სახეები ებრძვიან ეკლესიას”

8

“მნიშვნელოვანია, რომ ერიც და ბერიც ვაცნობიერებდეთ, თუ რა ბრძოლაში არის საქართველო და ეს ბრძოლა როგორც აქამდე მიდიოდა ღირსეულად საქართველოს, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სასარგებლოდ, ასეც უნდა გაგრძელდეს”, – განუცხადა მცხეთაში ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა პარლამენტის სპიკერს ჰკითხა, რაზე მიუთითებს ის პროცესი, რომელიც განვითარდა ოპოზიციის მხრიდან პატრიარქის გარდაცვალებისა და ახალი პატრიარქის არჩევის პერიოდში.

„ეს არის იმის ანარეკლი, რაც ხდება ზოგადად ქვეყანაში. არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ჩვენი ქვეყანა გადაიყვანოს ისტორიული გზიდან. ეს ისტორიული გზა აისახება როგორც პოლიტიკურ, ისე სულიერ ცხოვრებაში.

ცდილობენ, რომ გადაგვიყვანონ ჩვენი ისტორიული პოლიტიკური გზიდან, რაც გულისხმობს ჩვენი ერის კეთილდღეობას, მთლიანობას. ასევე ცდილობენ, გადაგვიყვანონ იმ სულიერი, მთავარი ხაზიდან, რასაც ქართველი ხალხი საუკუნეებია, მისდევს. აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ესენი არიან იგივე სახეები, ვინც ებრძვის სახელმწიფოს, და იგივე სახეები ებრძვიან ეკლესიას.

ეს არის ერთი და იგივე ბრძოლა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს, მის სახელმწიფოებრივ თუ სულიერ მხარეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.