ირაკლი კირცხალია სააკაშვილზე: „ვხედავთ, არ იშლის იმ ბუნებას და კიდევ ერთხელ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას რაღაც რევანშით. კიდევ ერთხელ ემუქრება სისხლის ღვრით“

11

„მისი და მისი ე.წ. პარტიის პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამას ჩვენ ვხედავთ არაერთი წელია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

იგი მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ მუქარას გამოეხმაურა და ისაუბრა, თუ რა შანსი აქვს მის პარტიის. მისივე თქმით, წლების განმავლობაში საზოგადოებამ იცის, რაც არის მათი რეალური სახე.

„ოპოზიციაში ყოფნის დროს ვხედავთ, თუ რა დესტრუქციას ემსახურება ის აგენტურა და რა დავალების შემსრულებლები არიან. ადამიანზე გვაქვს საუბარი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა დათმო უცხო ქვეყნაში თანამდებობის დასაკავებლად. საუბარი გვაქვს სახელსა და გვარზე, რომელმაც უცხო ქვეყანის, უკრაინის ჰიმნი შეასრულა ზედმიწევნით, კორექტულად და საქართველოს ჰიმნს ვერ მღერის. მისი პრეზიდენტობის დროსაც ბევრი ლექსის ციტირების დროს მოსდიოდა შეცდომა, რადგან ის არ რის ქართველი და უსამშობლო მას ყველაზე სწორად ჰქვია.

ვხედავთ, არ იშლის იმ ბუნებას და კიდევ ერთხელ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას რაღაც რევანშით. კიდევ ერთხელ ემუქრება სისხლის ღვრით. ადამიანი, რომელმაც პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და ყველას კარგად გვახსოვს, გამოდიოდა ეს უტიფარი და ამბობდა სამაჩაბლოზე, რომ ეს ყოფილა „ქვების გროვა“, დღეს კი გვიცხადებს, რომ რამდენიმე სოფელზე იყო საუბარი“, – განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა საქართველოს საწინააღმდეგო, რუსული საქმე აკეთეს და მხოლოდ რიტორიკით იყვნენ ანტირუსულები. ასევე, ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოშიც შემდეგ ქვეყნის ღალატი გააგრძელეს. კირცხალიამ აღნიშნა, რომ ისინი დემოკრატიის მანტიით იყვნენ შეფუთული.

„ეს ის ხალხია და ამ ხალხის ლიდერია, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ სასამართლოს პროცესიდან დაემუქრა ჩვენს ქვეყანას. ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გასცემს საკადრის პასუხს მათ და ასევე მათ პატრონებს“, – აღნიშნა კირცხალიამ.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს დაემუქრა.