პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “მოლაპარაკების მაგიდასთან თუკი ვინმეს აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრის უფლება, არის სწორედ უკრაინა. მან სისხლით დაიმსახურა ეს უფლება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არცერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრიათ, რათა ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში მონაწილეობა დაემსახურებინათ”

“ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირი დღემდე არ იჯდა, არის სრულად ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის დამსახურება და ქალბატონ კალასს ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის საკითხზე რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას.

„ეს არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობა, რომლის გამოც გამოწვევა არ არის მხოლოდ ის, რომ შეიძლება, რუსეთს არ უნდოდეს ზოგიერთ წარმომადგენელთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა.

ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციაც დღემდე გაურბის პირდაპირ შეხვედრებს – გავიდა უკვე ორი წელი, რაც ახალი ადმინისტრაციაა, და დღემდე არ ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და ევროკავშირის საგარეო წარმომადგენლის ორმხრივი შეხვედრა.

საგარეო წარმომადგენლის მიმართ უნდობლობა თავად ევროკავშირშიც არის. ჩვენ ვნახეთ, რომ აბუ-დაბის მოლაპარაკების რაუნდების შემდეგ ამერიკელი მომლაპარაკებლები იყვნენ მოსკოვში, შემდეგ დუბლინში ჩავიდნენ და განაცხადეს, რომ შემდეგ რაუნდზე უკვე, სავარაუდოდ, ევროკავშირის წარმომადგენლებიც იქნებიან. თუმცა, ვინ იქნება, დღემდე არ არის ცნობილი.

ქალბატონი კალასი ამბობს, რომ ის უნდა იყოს წარმომადგენელი, მაგრამ ვიცით, რომ შიგნით ამაზე არ არის თანხმობა – ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ სურთ, რომ ქალბატონმა კალასმა წარმოადგინოს ევროკავშირი ასეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში.

ვხედავთ, რომ ხან ფინეთის პრეზიდენტია ჩართული, ხან – ნორვეგიის, შემდეგ ერთმანეთს საყვედურობენ და ასე შემდეგ. ეს არის, საერთო ჯამში, უმწიფარი საგარეო პოლიტიკის სურათი.

რაც შეეხება თავად ამ პრეტენზიას, რომელიც ქალბატონი კალასისგან მოვისმინეთ, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხები წყდება და ამიტომ ჩვენ იქ უნდა ვიყოთო… მოლაპარაკების მაგიდასთან მხარე არის უკრაინა და რა გამოდის – უკრაინას ანდობენ ევროკავშირის ტერიტორია თავისი სისხლით დაიცვას და არ ანდობენ, რომ ევროკავშირის ინტერესები სიტყვით დაიცვას? იმ მაგიდასთან თუკი ვინმეს აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრის უფლება, არის სწორედ უკრაინა – მან სისხლით დაიმსახურა ეს უფლება, ისაუბროს ევროპის უსაფრთხოებაზე, შესაძლო გადაწყვეტის საკითხებზე, მომავალ უსაფრთხოების სისტემაზე.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არცერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრიათ, რათა ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში მონაწილეობა დაემსახურებინათ. არცერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრია არც ესტონელს, არც ფრანგს, არც გერმანელს. სისხლი დაღვარა უკრაინამ სწორედ იმისთვის, რომ, როცა საქმე შეეხება ევროპის მომავალ უსაფრთხოების სისტემას, მან გადამწყვეტი სიტყვა თქვას და მისი პოზიცია და პირობები იყოს გადამწყვეტი.

ქალბატონმა კალასმა ნიშნის მოგებით თქვა, – სანქციები ჩვენი გადასაწყვეტია და სანქციების შერბილების თუ მოხსნის საკითხს ჩვენ გარეშე ვერ გადაწყვეტენო. და რა გამოდის – ამ მოლაპარაკების პროცესში თუ იყო უკრაინისთვის მისაღები პირობები, ის ამ პირობებზე წავიდა და ამის წინაპირობა იყო სანქციების სხვადასხვა მოდიფიცირება. ევროკავშირი თუ არ იყო ამის მონაწილე, დაბლოკავს ასეთ შეთანხმებას და არ მისცემს უკრაინას მშივრების საშუალებას იმიტომ, რომ თავად არ იყო ჩართული?

რაც ჩვენ ვისმინეთ ეს დღეები, არის ჩვეულებრივი შანტაჟის ენა, რომელსაც ბრიუსელი შეეჩვია, ბოლო პერიოდია და სწორედ ეს არის საბჭოთა მენტალიტეტი ბრიუსელში – რომ „ჩვენ თუ არ ვიქნებით, მაგიდას ავაყირავებთ და ვინ ეკითხება უკრაინას, რომ ისაუბროს ევროპის უსაფრთხოებაზე”.

უკრაინას ანდობენ, სისხლი დაღვაროს ევროპის ტერიტორიისთვის და არ ანდობენ იმას, რომ სიტყვით ისაუბროს ევროპის უსაფრთხოებაზე”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.