შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

11

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ასევე, ერთ-ერთი მათგანის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება – 500 აბი „პრეგაბალინი“ და 2 კილომდე გამომშრალი „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.