შალვა პაპუაშვილი: “სადაც არიან ქართველი ხალხის მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ, ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი”

6

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ქართული მედიის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები შეაფასა.

„უნდა შევხედოთ სახელებსა და სახეებს. საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმის ამ კამპანიის ავანგარდში ჩვენ ვხედავთ ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ რასა იუკნევიჩიენეს და ვხედავთ ევროპარლამენტის ახალ ამომავალ ვარსკვლავს – ბრეიზას, რომელიც გახლავთ სიკორსკის პარტიის წევრი და მის ნაცვლად შევიდა ევროპარლამენტში. ეს ის სიკორსკია, რომელმაც სულ რამდენიმე ხნის დააფუძნა პროპაგანდისტული არხი, „ვოტ ტაკ“ რომ ჰქვია. ეს დააფუძნა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პირდაპირ პროპაგანდისტული იარაღია საქართველოს წინააღმდეგ, ქართველ ხალხს ებრძვის პირდაპირ – დაიწყო ეკლესიაზე, საქართველოს ინტერესებზე თავდასხმა, ანუ ეს არის პოლონეთის პროპაგანდისტული იარაღი. სიტყვა „პროპაგანდას“ როგორ ამბობს საერთოდ ეს ადამიანი, როდესაც თავად არის იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალურად შექმნა პროპაგანდისტული იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ თავს დაესხას ქართველი ხალხის ინტერესებს.

ასე რომ, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის კიდევ ერთი მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა.

დღეს ევროკავშირი, სინამდვილეში, არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირი ადამიანები. აი, ეს არის სინამდვილეში დღეს, სადაც მიიყვანეს ევროკავშირი და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვებრძვით. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროკავშირი დაუბრუნდეს საწყის ღირებულებებს, იმიტომ, რომ ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება. როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენეს ევროკავშირში ჩვენ რაიმე საერთო გვქონდეს?

ეს არის ადამიანი, რომელსაც ფაშისტური განცხადებები აქვს საქართველოს წინააღმდეგ; ადამიანი, რომელიც არის საქართველოს ბოლო დიქტატორის – მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებული თანამებრძოლი და ერთადერთი ცხოვრებისეული მიზანი აქვს – რამენაირად დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი მისი სამართლიანი სასჯელისგან. ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს საქართველოში. პირადად ერთხელ მყავს ნანახი 2021 წელს და იმ მომენტშივე ვნახე, თუ რა ზიზღი აქვს ამ ადამიანს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.

ეს უნდა გამოსწორდეს – სანამ ევროკავშირი არ გათავისუფლდება მსგავსი ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას, ადამიანების მიმართ ზიზღით მოქმედებენ და ცდილობენ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, მანამდე ვერ დაგვარწმუნებენ იმაში, რომ ასეთ ევროკავშირში ყოფნა რაიმენაირ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას – სადაც არიან ქართველი ხალხის მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით. ჩვენ იქ ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ, ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი. ესთეტიკაც კი იგივეა.

1989 წელს, 9 აპრილის შემდეგ, როცა გაიმართა სახალხო დეპუტატთა ყრილობა და რა თავდასხმებიც იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოსკოვში იმ ყრილობაზე, ზუსტად იგივე ხდება დღეს ბრიუსელში. ერთი- ერთში არიან საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია, მათ შორის, სახელებით. ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე გორბაჩოვის თანამებრძოლი გახლავთ და დღესაც რუსული აქცენტით ლაპარაკობს ინგლისურად”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.