81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

10

პარლამენტი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინიციატივაზე იწყებს მუშაობას. ქონების გადასახადთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც დაიწყება მისი როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო ფორმატში განხილვა.

კანონპროექტის თანახმად, ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია. ამ ცვლილების შედეგად 81 ათასი მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება.

ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, შესაბამისად, ცვლილება მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება.

„ჩვენს მოქალაქეებს შეუმსუბუქებს ფინანსურ მდგომარეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დაახლოებით 81 000 მოქალაქეს გაუუქმდება ქონების გადასახადი.

ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი გუნდის, იმ სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, რაც მოქალაქეებზე ზრუნვას ითვალისწინებს“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა.