„დასრულდა ჩვენი შეხვედრები იტალიის სენატში, იტალიის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან და, ასევე, სენატში მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან. ამ შეხვედრებზე ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტო სფეროს შესახებ; მათ შორის, ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საპარლამენტო თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების შესახებ“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.
„რა თქმა უნდა, ძირითადი საკითხი ჩვენი საუბრისა იყო უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, როგორც ოკუპაციის თემა, ისე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, და თუ რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონზე. ასევე, საუბარი იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან როლზე ევროპისთვის და, მათ შორის, იტალიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ასევე, საუბარი გვქონდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრობლემატიკაზე.
ჩვენ ვთხოვეთ იტალიურ მხარეს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ბრიუსელთან, იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი აღდგეს. იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, შესაბამისად, ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი, ღია დიალოგის გამართვას, მათ შორის, კრიტიკულ საკითხებსა და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული იყო.
ჩვენი ვიზიტი გრძელდება და კიდევ რამდენიმე შეხვედრა გვექნება იტალიის პარლამენტში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


