სპეციალური პენიტენციური სამსახური: “საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტავთ: 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული“

14

“საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს – როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან (პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა, ჯარიმა და სხვა)”, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სახის სასჯელებს. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს საპატიმრო სასჯელის ფორმას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში სასჯელს იხდიან მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირები.

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისას გადაამოწმონ, თუ რას მოიცავს კონკრეტული მონაცემები და როგორია მისი შინაარსობრივი განმარტება. მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქმნის მცდარ წარმოდგენებს არსებული რეალობის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.