„ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ევროკავშირისკენ – ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და პარლამენტიც და მთავრობაც ვალდებულნი ვართ ეს გზა ბოლომდე მივიყვანოთ, თუმცა ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ეროვნული ინტერესების, კულტურის, ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებების ხარჯზე მის წევრობას არ ვაპირებთ“ – ლადო ბოჟაძე

11

„ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ევროკავშირისკენ – ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და პარლამენტიც და მთავრობაც ვალდებულნი ვართ ეს გზა ბოლომდე მივიყვანოთ, თუმცა ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ეროვნული ინტერესების, კულტურის, ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებების ხარჯზე ევროკავშირის წევრობას არ ვაპირებთ“— ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ლადო ბოჟაძემ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

„ევროკავშირის წევრობა და ზოგადად დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა გარკვეული სუვერენიტეტის დათმობას გულისხმობს — ეს შეიძლება შეეხოს საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოების საკითხებს, შიდა რეგულაციებსა და ბიზნესგარემოს. მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება დადგეს მდგომარეობა, როცა მოგიწევს უარის თქმა საკუთარ დამოუკიდებელ პოლიტიკაზე და ყველაფერი გადააბარო ბრიუსელს, ისე როგორც საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში წყდებოდა ჩვენი ბედი, ეს მიუღებელია.

ევროკავშირის გაფართოების არცერთ ეტაპზე ისეთი მკაცრი მოთხოვნები, როგორიც საქართველოს მიმართ აქვთ — მაგალითად, „გამჭვირვალობის კანონის“ მიუღებლობა ან „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის“ გაუქმება — არ ყოფილა.

როდესაც სომხეთთან ურთიერთობების დათბობა დაიწყეს, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა იყო ლგბტ თემის უფლებების დაცვა. არავინ გეკითხება, ეს შენთვის მისაღებია თუ არა. უფრო მეტიც, ერთსქესიანთა ქორწინება გარკვეულ შემთხვევებში პრაქტიკულად სავალდებულოდ იქცა, რადგან ევროპის სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

სულ უფრო მეტად ცდილობენ საკუთარი ძალაუფლებისა და იდეოლოგიის გავრცელებას და ხშირად უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ, რა იდენტობა გაქვს, ან რა რელიგიისა და რწმენის წარმომადგენელი ხარ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ევროკავშირისკენ — ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, და პარლამენტი და მთავრობაც ვალდებულნი ვართ ეს გზა ბოლომდე მივიყვანოთ, მაგრამ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების, კულტურის, ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებების ხარჯზე ჩვენ ევროკავშირის წევრობას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.