გვარამია, სააკაშვილი, ბარამიძე და ძმანი და დანი მათნი, ეს აგენტურული ქსელი, სწორედ ამიტომ არიან აგენტები, სწორედ ასეთი განცხადებების გამო შეარქვა სრულიად სამართლიანად მათ ჩვენმა საზოგადოებამ „უსამშობლოთა გაერთიანება“. ისინი უბრალოდ, მხოლოდ და მხოლოდ საბუთით და პასპორტით არიან ქართველები და სამშობლო არ გააჩნიათ, იმიტომ, რომ როცა სამშობლო იცი, როცა ის ტკივილი და როცა რეალურად განიცდი სამშობლოს, მსგავს განცხადებებს არ გააკეთებ, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები „აგენტურულ ქსელს“ წარმოადგენენ.
„ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის მათ განცხადებები. ეს არის, სამწუხაროდ, ის დავალებული განცხადებები, რომლებსაც ისინი აჟღერებენ. არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, როდესაც ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგმება ურთიერთობის დათბობისკენ – ეს ეკონომიკური კუთხით იქნება თუ სხვა, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, მაშინვე მყისიერად გამოენთებიან.
ადამიანები, რომლებიც აქ ოცნებობდნენ 2008 წელს, სად იყვნენ 2008 წელს? როდესაც ვნახეთ, რა გააკეთეს, როგორ მოიქცნენ, პირდაპირი ქვეყნის ღალატი ჩაიდინეს და შემდეგ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ და იმ სისხლისმღვრელი ომის შემდეგ, 2022 წლის მოვლენები მაქვს მხედველობაში, დღემდე, ვნახეთ დაწყობილი, რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ, ისინიც, მათი პატრონებიც ღიად, და როგორ თურმე სირცხვილით იწვოდნენ, რომ საქართველოში მშვიდობა იყო – „როგორ გაბედა და როგორ ბედავს, როგორ წარმოგვიდგენია საერთოდ, როდესაც უკრაინაში ასეთი სისხლისღვრაა, ცეცხლი ანთია და ომია, ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკას ვატარებთ“ – აი, ეს არის მათი რეალური სახე.
ისინი არიან ომის პარტია, ისინი არიან დესტრუქციის ძალა და ის ძალა, რომელიც მოწადინებულია, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს მოწყვლადი, რადგან მოწყვლადი ქვეყანა ბევრად უფრო ადვილი სამართავია“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.


