„ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ აქციის ჩატარების თარიღად სწორედ 26 მაისი შეარჩიეს — მაშინ, როცა ზუსტად ამ დღეს ჯერ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი და შემდეგ იმავე მოედანზე ზეიმი და როკვა გამართეს“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„ეროვნული თარიღებით სპეკულირებს ანტიეროვნული ძალა — ეს კი თავისთავად პარადოქსია.
26 მაისი ჩვენი ერთიანობის დღეა და ბუნებრივია, საზოგადოებაში გაჩნდა მკაფიო რეაქცია. რა მხარდაჭერაც ახლა აქვთ – რამდენიმე ათეული ადამიანი, ქუჩა-ქუჩა მოძრაობენ და ხმაურობენ, სავარაუდოდ იგივე მხარდაჭერა ექნებათ 26 მაისსაც, ის კი არა შესაძლოა ის ათეული ადამიანიც არ გამოვიდეს.
ხალხმა კარგად დაინახა, სად მიაქანებდა ეს ძალა ქვეყანას და რას გადაურჩა საქართველო. ასევე ნათლად გამოჩნდა, ვინ გადაარჩინა ქვეყანა ამ არეულობისა და საფრთხეებისგან. სწორედ ეს არის მთავარი“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


