გიორგი სოსიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: „ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური ძალა – ეს არის ღირებულებებდაკარგული, სრულიად დისკრედიტირებული და გაკოტრებული ჯგუფი, რომელმაც სამშობლოს ღალატი ერთგვარ პოლიტიკურ ბიზნესად აქცია“

5

„ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური ძალა — ეს არის ღირებულებებდაკარგული, სრულიად დისკრედიტირებული და გაკოტრებული ჯგუფი, რომელმაც სამშობლოს ღალატი ერთგვარ პოლიტიკურ ბიზნესად აქცია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„რადიკალური ძალების სამიზნე იმთავითვე იყო ეკლესია და კარგად გვახსოვს ის პროცესები და შეტევები, რაც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა ჩვენი ახალი პატრიარქის გამორჩევის პროცესში, როდესაც დაიწყო სხვადასხვა სახის სპეკულაციები, ზეწოლის მცდელობები და ბინძური პროპაგანდა.

თუმცა, მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობიანად და ღირსეულად დასრულდა, და წმინდა სინოდმა გამოარჩია ღირსეული პიროვნება — აწ გარდაცვლილი პატრიარქის სიცოცხლეშივე მოსაყდრედ ხელდასხმული, ძალიან ძვირფასი და ღირსეული ადამიანი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.

რაც შეეხება ოპოზიციას, ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური ძალა — ეს არის ღირებულებებდაკარგული, სრულიად დისკრედიტირებული და გაკოტრებული ჯგუფი, რომელმაც სამშობლოს ღალატი ერთგვარ პოლიტიკურ ბიზნესად აქცია. დღეს ისინი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ პროცესში — ვინ მეტ ზიანს მიაყენებს ქვეყანას, ვინ უფრო მეტს უღალატებს, ვინ უფრო მეტ სიბოროტეს ჩაიდენს და ვინ უფრო მეტად მოერგება მათ დამფინანსებელთა ინტერესებს.

თუმცა, მიუხედავად მათი მცდელობებისა, ისინი ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში — აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარასოდეს იქნება“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.