„საქართველო უკრაინელი ხალხის მეგობრად რჩება და ამ მეგობრობის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს, თუმცა ამავდროულად უკრაინული მხარისგან კონკრეტულ ქმედებებზე — დაწყებული ელჩის გაწვევით და დასრულებული სანქციებით — პასუხებს ვითხოვთ, რადგან ყველა კითხვას აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს“, — ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა უკრაინასთან ურთიერთობების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.
„ამ შემთხვევაში საუბარი არ არის უკრაინის ხელისუფლების მხარდაჭერაზე — ეს არის ჩვენი მეგობრობისა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის კიდევ ერთი დადასტურება.
თავის დროზე ჩვენ უკრაინის ხელისუფლებასაც გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, თუმცა, სამწუხაროდ, მათი მხრიდან დიდი უმადურობა ვიხილეთ. კარგად გვახსოვს, როგორ მოუწოდებდნენ ღია ეთერებიდან რუსთაველზე შეკრებილ რადიკალურ და ექსტრემისტულ ჯგუფებს სახელმწიფო გადატრიალებისკენ, როგორ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ. მოგვიანებით ეს ყველაფერი უარყვეს, თუმცა ყველას ახსოვს, როგორ აკეთებდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავს განცხადებებს და როგორ ჰქონდა ამ გამოსვლებს ერთგვარი სისტემური ხასიათი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უკრაინელი ხალხის მეგობრად რჩება და ამ მეგობრობის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს. ბუნებრივია, ჩვენ ამას სიტყვითაც და საქმითაც ვადასტურებთ, თუმცა ამავე დროს გვინდა, უკრაინული მხარისგან მოვისმინოთ პასუხები კონკრეტულ ქმედებებზე — დაწყებული ელჩის გაწვევით, დასრულებული სხვადასხვა სანქციებით. ამ კითხვებს პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.
ამ ურთიერთობების გაგრძელებით ჩვენ უნდა დავანახოთ უკრაინელ ხალხს, რომ ქართველ ხალხს ისინი არასოდეს მიუტოვებია. ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც უკრაინა ფაქტობრივად აპოკალიფსურ მდგომარეობაში იყო, საქართველომ ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა, შეიფარა უამრავი დევნილი და მათ შესაბამისი პირობები შეუქმნა. გარდა ამისა, საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ არაერთ საერთაშორისო რეზოლუციას და არაერთხელ დააფიქსირა თავისი სოლიდარობა.
სწორედ ამიტომ, ყველა კითხვას, რომელიც ქართულ საზოგადოებას უკრაინული მხარის მიმართ აქვს, პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს — ეს გარდაუვალია“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


