„ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ფორმირების პირობებში, მსგავსი ნაბიჯები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, — ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილი, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„უმნიშვნელოვანესი ვიზიტია. კარგად გვახსოვს, რა რეაქციები მოჰყვა ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი პირების ჩინეთში ვიზიტს — ზოგიერთი „ვაი“ დასავლელი პოლიტიკოსის მხრიდან. ალბათ გახსოვთ ჯო უილსონის გამოხტომებიც, ასევე ბრიუსელში მოკალათებული ზოგიერთი ევრობიუროკრატისა და არაჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსების განცხადებები. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ქვეყანა ინგრეოდა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობდნენ.
ახლა კი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავად მართავს შეხვედრებს ჩინეთში, საინტერესოა მათი რეაქციების მოსმენა. დღევანდელი, ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ფორმირების პირობებში, მსგავსი ნაბიჯები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მიუხედავად იმისა, რას იტყვიან ჯო უილსონი, ან მისი მსგავსი ადამიანები.
ჩვენ გვახსოვს მისი არაერთი განცხადება, რომელიც ზიანს აყენებდა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე კონგრესისა და ზოგადად ამერიკული პოლიტიკური ინსტიტუტების ავტორიტეტს. აშკარა იყო ისიც, რომ ეს განცხადებები ხშირ შემთხვევაში შეკვეთილი ხასიათის იყო და მათ უკან კონკრეტული ინტერესები და გასამრჯელო იდგა“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


