“მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს არაერთ ქვეყანაში; მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ., სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად იცავენ საზოგადოებრივ სივრცეს სიძულვილის ენისა და აგრესიული კამპანიებისგან. იმისთვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა. დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნებაა, თუმცა, ამავდროულად, ეს, თავის მხრივ, არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის გამართლების საფუძველი”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ.
„დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკული დისკუსია; პარალელურად, არსებობს მინიმალური სტანდარტები, რომლებზეც საზოგადოება უნდა თანხმდებოდეს, მათ შორის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და იმ ტიპის კომუნიკაციის მიუღებლობა, რომელიც მტრობას, შუღლს, საზოგადოებრივ დაძაბულობასა და უკიდურეს პოლარიზაციას აღვივებს.
მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, თუმცა, მხოლოდ კანონმდებლობა საკმარისი არ არის და მის ეფექტიან და თანმიმდევრულ აღსრულებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, მიმდინარე გამოწვევების კვალდაკვალ, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს – ახალი სამმართველო უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს და კანონით გათვალისწინებული მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას.
სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან; შესაბამისად, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა უზრუნველყოფს ისეთი სტანდარტებისა და წესების დამკვიდრებას, რომლებიც გააძლიერებს საზოგადოებრივ სტაბილურობას, ურთიერთპატივისცემასა და პასუხისმგებლიან საჯარო კომუნიკაციას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


