თამარ ჩიბურდანიძე: „სრულიად საქართველომ, მასშტაბური მსვლელობით, პატივი მიაგო ილია მეორის ხსოვნას და დიდი სიყვარული გამოხატა ახალი პატრიარქის – შიო მესამის მიმართ“

7

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით რადიკალი ოპოზიციონერების განწყობებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„წარმოუდგენლად ბევრი ხალხი გამოვიდა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. კიდევ უფრო მეტი, ვიდრე წინა წლებში. ეს არის ქართული ხასიათი – უდიდესი პატივისცემა გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორისადმი და, ამასთანავე, დიდი სიყვარულის გამოხატულება ახალი პატრიარქის, შიო მესამის მიმართ.

ოპოზიციის მოლოდინი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ შედგა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ როგორ არის დაშორებული ოპოზიცია ქართველ ხალხს და როგორ არ ესმის მისი. ან კი, როგორ უნდა ესმოდეთ? ხალხს რომ გაუგო, ქართულ სულს და რწმენას უნდა ატარებდე. ესენი კი, მთელი დღე საკუთარი აგენტებით დაძრწოდნენ ხალხში და, სადაც ცარიელ ადგილს დაინახავდნენ, მხოლოდ იმას იღებდნენ, შემდეგ კი, სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ წელს ცოტა ხალხი გამოვიდა. ამ ტყუილითაც დამარცხდნენ!

ამ დღის წინააღმდეგ წასვლა, უპირველეს ყოვლისა, არის ღმერთის წინააღმდეგ ქმედება. უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, ჯერ არავის გაუმარჯვია! ქართველი ხალხი, ზღვასავით რომ მოედინებოდა ამ დღეს თბილისსა და რეგიონებში, დგას დედა ეკლესიასთან, რომელიც არასდროს ჩამოიშლება, როგორადაც არ უნდა ეცადონ ამას მავანნი. ამ ეკლესიასთან დგას მთავრობაც, სწორედ ამიტომ არის უძლეველი ეს ქვეყანა, როგორც რწმენის და ეროვნული ღირებულებების საუნჯე.
ვულოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველი ხალხისთვის ყველაზე წმინდას და საფიცარს!” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.