საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ბაქო მასპინძლობს მაღალი დონის კონფერენციას – შეხვედრას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისათვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები.
პრემიერ-მინისტრის მონაწილეობაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იყოს ორმხრივი შეხვედრები და, ასევე, საქართველოს პოზიციები გაჟღერდეს ამ ფორუმის ფარგლებში.
ასევე, იქნება ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და კიდევ ერთხელ შევეხებით იმ საკითხებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს უკავშირდება. ურთიერთობები, იცით, რომ მაღალ დონეზეა, გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა. აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი პარტნიორია და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რაც არის ჩვენს ქვეყნებს შორის”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


