პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოლონელი ევროდეპუტატის, კშიშტოფ ბრეიზას განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს ადამიანი ან სულელია, ან თავს ისულელებს. თუ სულელია, ნიშნავს, რომ არ იცის, რომ კაჩინსკის დაკრძალვის გამო კი არ არის დაპატიმრებული [სააკაშვილი], არამედ მის წინააღმდეგ არსებული საქმე ეხება იმას, რომ თავის შვილს ბიუჯეტიდან უხდიდა კერძო სკოლის ფულს. კითხვა ევროპარლამენტს – რომელიმე ევროპარლამენტარს ეს რომ გაეკეთებინა, იქნებოდა თუ არა ეს კორუფცია? კი, იქნებოდა. საქმე ეხება იმას, რომ ბიუჯეტის ფულით სააკაშვილმა პლასტიკური მანიპულაციები და ოპერაციები ჩაიტარა – თუ არ ვცდები, მილიონ ლარამდე იყო დახარჯული მისი სახის გალამაზებაში, შუბლის გასწორებაში და იმაში, რომ თავი მოეწონებინა ვიღაცისთვის. ეს რომ რომელიმე ევროპარლამენტარმა გააკეთოს, ეს კორუფციაა თუ პოლიტიკური დევნა? და თუკი ეს ყველაფერი კორუფციაა, მაშინ თავს ისულელებს ახლა ეს ადამიანი? ან გამოდის, რომ მისთვის ეს მისაღებია. საქმე გვაქვს ევროპარლამენტის ფასეულობის არმქონე წევრებთან, რიგ შემთხვევაში, კორუმპირებულებთან და ამ ადამიანზე ზუსტადაც ეჭვი მაქვს, რომ კორუმპირებულია, თორემ თავს ასე სულელად რატომ გამოიყვანდა და იტყოდა, თითქოს ვიღაცისთვის თაიგულის ყიდვის გამო არის 9 მილიონი დახარჯული. არ ვიცი, რა ბედი გვაქვს ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი ვერ გავიჩინეთ, რომელიც “ნაცი” და მიშისტი არ იქნებოდა და ღირსეულ მტრობას მაინც შეძლებდა. ასეთი უღირსი მტრები რომ ჰყავს საქართველოს, ესეც ჩვენი უბედურებაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: პოლონელი დეპუტატი, ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებებით დააპატიმრეს, რომლებიც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ მან ფული გარდაცვლილი ლეხ კაჩინსკის დაკრძალვისთვის გვირგვინის შესაძენად დახარჯა”.


