“უფრო მეტად მიჩნდება კითხვა, რა გვაქვს საერთო ასეთი ღირებულებების პოლიტიკოსებთან და ადამიანებთან. როგორც ქართული ფასეულობები, ისე დემოკრატია რამდენიმე თავით მაღლა დგას, ვიდრე ის, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთში, ქართველ ჟურნალისტებთან.
„რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის კითხვაზე – რას ფიქრობს იმაზე, რომ მათი ტელეკომპანია ცდილობს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტმა სამი ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიიღო, პაპუაშვილმა უპასუხა:
„მგონი, „რუსთავი 2-ის” საქმე კარგი მაგალითია იმისა, რომ საქმე გვაქვს, ჩვეულებრივად, ჟურნალისტების დევნასთან, რაც არის სიტყვის ჩახშობის ერთ-ერთი მეთოდი, ან სურვილისგან არის განპირობებული.
მეც ვნახე, სავარაუდოდ, რაზეც არის საუბარი, რაც შეეხება ევროპარლამენტარ მარკეტა გრიგორიევას და, მგონი, ყველამ ნახა ეს კადრები. ამაზე თუ შეიძლება იყოს სანქცია რომელიმე პარლამენტში, საქართველოში ვერცერთი ჟურნალისტი ვერ იმუშავებდა მაშინ. ის [კადრები], რაც ვიხილეთ, თუ არის ევროპული სტანდარტი, რომ ამის გამო ჟურნალისტი დაასანქცირო, მაშინ საქართველოში, საერთოდ, ჟურნალისტი ვეღარ იქნებოდა.
ვინ გვედავება, როდესაც უყურებ ევროპარლამენტის კორუფციას, ჟურნალისტების დევნას, მტრულ და ფაშისტურ განცხადებებს?! ამად იქცა დღეს ევროპარლამენტი.
სამწუხაროდ, ვაკვირდებით ევროპარლამენტის სოვეტიზაციის ფინალურ ეტაპს.
ამის იქით უკვე საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაა და, მართლაც სასწაულია, სადამდე მიიყვანემა ზოგიერთმა აღმოსავლეთ ევროპულმა პოსტსოციალისტურმა ქვეყანამ [ევროპარლამენტი] – თავი დაიბრუნეს საბჭოთა წარსულში რასა იუკნევიჩიენემ და სხვა მსგავსმა საბჭოთა მოქალაქეებმა, რომლებიც, თავის დროზე, გორბაჩოვის თანამებრძოლები იყვნენ.
კარგია, თუ ამას [ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას] ასაჩივრებთ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება ექნება ევროპარლამენტს, თუმცა ის, რაც ვიხილეთ – თუ როგორ ცდილობენ, ჩაახშონ თავისუფალი მედია, უფრო მეტად მიჩნდება კითხვა, რა გვაქვს საერთო ასეთი ღირებულებების პოლიტიკოსებთან და ადამიანებთან. როგორც ქართული ფასეულობები, ისე დემოკრატია რამდენიმე თავით მაღლა დგას ვიდრე ის, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ.
ასეთ ევროპარლამენტში არანაირად არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ მონაწილენი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის; დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, „იმედი”, „რუსთავი 2“ და „POSTV“ ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი.


