„სწორედ ეს არის მშვიდობის, ურთიერთთანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის კონკრეტული შედეგი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, აზერბაიჯანში მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება, რომელშიც ასზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ფორუმზე სიტყვით გამოსვლის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ინდივიდუალური შეხვედრები ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. თუმცა, ამ შეხვედრებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის შეთანხმებები, რომელსაც საქართველო და აზერბაიჯანი აწერენ ხელს. საუბარია უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო მიმართულებების შეთანხმებებზე.
მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ე.წ. სოციალური გაზის შესახებ შეთანხმებას. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შემდეგ, დაახლოებით 20 წლის წინ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ფონზე, საქართველო სხვა გაზმომარაგების სქემებთან ერთად იღებდა ე.წ. სოციალურ გაზს, რომლის ღირებულება საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად დაბალია. აღნიშნულ შეთანხმებას ვადა ეწურებოდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით და აზერბაიჯანული მხარის შესაბამისი მხარდაჭერით მიღწეულ იქნა უმნიშვნელოვანესი შედეგი — ხელშეკრულება კიდევ 20 წლით გაგრძელდა.
გარდა ამისა, გაფორმდა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებულ როლს შუა დერეფნის ფუნქციონირებაში. მიღწეული შეთანხმებები შეეხება გაზის გამტარიანობის ზრდას, სუფსის ტერმინალისა და გაზსადენის ექსპლუატაციას, ასევე სარკინიგზო ხაზის ფუნქციონირების აღდგენას. უკვე ცნობილია, რომ პირველი მატარებელი საქართველოდან აზერბაიჯანში 26 მაისს გაემგზავრება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თბილისი–ბაქო–ყარსის პროექტსაც, რომელიც ახალ ეტაპზე გადავიდა და რეალურად აკავშირებს აზიასა და ევროპას სარკინიგზო ხაზით.
სწორედ ეს არის მშვიდობის, ურთიერთთანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის კონკრეტული შედეგი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს. რეგიონში არსებული დაძაბული ვითარებისა და მსოფლიოში ენერგომატარებლებთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე, ჩვენ შევძელით ამ შეთანხმებების გაფორმება — საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევითა და აზერბაიჯანის მთავრობის შემხვედრი ნაბიჯებით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


