„სკეპტიკოსებსა და ქვეყნისადმი ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი თვალით დაინახონ ის პროგრესი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს არ შეესაბამება, მაგრამ შეესაბამება სამაგიეროდ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„ეს არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩინეთში — 20 წლის განმავლობაში პირველად, პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად იმყოფება ამ ქვეყანაში. ამ ვიზიტის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩინური ტვირთები უნდა მოძრაობდეს იმ დერეფნის გავლით, რომლის უმნიშვნელოვანეს სეგმენტს საქართველო წარმოადგენს. ამ პროცესს აუცილებლად მოჰყვება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც და იმ სკეპტიკოსებსა და საკუთარი ქვეყნისადმი ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი თვალით დაინახონ ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს ნამდვილად არ შეესაბამება, მაგრამ სამაგიეროდ სრულად შეესაბამება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


