დავით მათიკაშვილი სპეციალური სამმართველოს შექმნაზე: „ღირსებისა და პატივის შელახვის, ასევე დეზინფორმაციის შემთხვევებზე მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი არსებობს, გამოდის, ამ ლოგიკით ისინი ტოტალიტარიზმის ჭაობში ყოფილან ჩაფლულები“

7

„ღირსებისა და პატივის შელახვის, ასევე დეზინფორმაციის შემთხვევებზე მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი არსებობს, გამოდის, ამ ლოგიკით ისინი ტოტალიტარიზმის ჭაობში ყოფილან ჩაფლულები“ — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და შუღლის გაღვივების პრევენციის მიზნით შეიქმნა.

„საკანონმდებლო დონეზე რეალურად არაფერი იცვლება — საკანონმდებლო ჩარჩო უკვე მიღებულია და ის ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან შეურაცხყოფის, სიძულვილის გაღვივებისა და მსგავსი დარღვევების სანქცირების შესაძლებლობას. დღეს დღის წესრიგში დგას აღსრულებისა და პრევენციის საკითხები, რაც ასევე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, უზრუნველყოს საზოგადოებაში პასუხისმგებლიანი გარემო, სადაც გამოხატვის თავისუფლება არ შელახავს სხვა პირთა უფლებებს, ღირსებასა და პატივს.

ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლი ადგენს, რომ გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული, თუმცა ის არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას მაშინ, როდესაც ირღვევა სხვა პირის პატივი და ღირსება.

ის ბატონები და ქალბატონები, რომლებიც დღეს ტოტალიტარიზმში გვდებენ ბრალს, გამოდის, რომ ამ ლოგიკით დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია ტოტალიტარიზმის ჭაობში არიან ჩაფლულები, რადგან იქ გაცილებით უფრო მკაცრი რეგულაციებია ამ მიმართულებით. მაგალითად, ღირსებისა და პატივის შელახვის, ასევე დეზინფორმაციის შემთხვევებზე რიგ ქვეყნებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი არსებობს.

ამ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მიდგომა გაცილებით უფრო მსუბუქია. ჩვენ არასდროს მიგვიღია ისეთი კანონი, რომელიც მსგავსი ქმედებების სისხლისსამართლებრივად დასჯას ითვალისწინებდა. საქართველოში ეს წესები უკვე არსებობს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ახლა ვიღებთ მსგავს კანონმდებლობას, მაშინ უცოდინრობასთან, ან ფაქტების დამახინჯებასთან გვაქვს საქმე.

ჩვენ ვნახეთ მაგალითად, ნიკა გვარამია, პროკურორი, სადიზმში ხელებგასვრილი, მედია მენეჯერად მოვლენილი როგორ ილანძღებოდა პირდაპირ ეთერში, როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის ნორმალიზება და როგორ იქმნებოდა ერთგვარი ტენდენცია. და რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი? ეს არის ერთ-ერთი გზა, სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული — როგორ შეიძლება საზოგადოების დაყოფა, როგორ უნდა გაჩნდეს ნაპრალი, როგორ უნდა დაუპირისპირდეს ერთი თაობა მეორეს, ერთი კონფესია მეორეს და ასე შემდეგ.

ამიტომ სახელმწიფო არის და რჩება ადეკვატური, როდესაც ქმნის შესაბამის მექანიზმს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ასეთ შემთხვევებზე რეაგირების კოორდინაციაზე. აღნიშნული სტრუქტურა იმუშავებს იმ ზღვარზე, რომელიც არსებობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას, ცილისწამებასა და სიძულვილის გაღვივებას შორის, და მასალებს გადასცემს შესაბამის ორგანოებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — შინაგან საქმეთა სამინისტრო არ განსაზღვრავს, რა არის შეურაცხმყოფელი და რა არა. ეს იქნება მხოლოდ მტკიცებულებების შეგროვება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო — დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.