„რა არის სიძულვილის ენა და რა – არა, ამაზე, როგორც იურისტს, შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა – შსს-მ, სასამართლომ და უმჯობესია, დავაკვირდეთ, თუ როგორ დაამკვიდრებს ამ პრაქტიკას როგორც ერთი, ისე მეორე უწყება და ორგანო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვის მიიჩნევს სამართალდამრღვევად შსს-ს ახლად შექმნილი ქვედანაყოფი, მთავრობის მეთაურმა უპასუხა:
„რაც შეეხება შეფარდების პრაქტიკას, აქ ორმაგი სტანდარტები არ უნდა იყოს დაშვებული. ჩვენ გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ბუნებრივია, ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული ეს კანონმდებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ იმ პრაქტიკას, რომელიც ჩამოყალიბდება შსს-ში. ცალმხრივი არ უნდა იყოს ეს პრაქტიკა. იმისათვის, რომ მთლიანად აღმოიფხვრას სიძულვილის ენა, სიძულვილი ჩვენს საზოგადოებაში, ეს პრაქტიკა უნდა შეეხებოდეს თანაბრად ყველა მხარეს“, – აღნიშნა პრემიერმა.


