“მთავარი ურთიერთობებში არის სამართლიანი პრინციპები. თუ სამართლიან პრინციპებს არ ეფუძნება ურთიერთობები, ამ ურთიერთობებს პერსპექტივა არ აქვს. მთავარი პრობლემა რამ შექმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის? – უსამართლობამ, უსამართლო დამოკიდებულებამ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„აქაც იყო ორმაგი სტანდარტები, სრულიად უსამართლო შეფასებები. საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით, ეს ეხება როგორც დემოკრატიულ პროგრესს, ისე ეკონომიკურ წინსვლას, ინსტიტუტების გამართულ მუშაობას, კორუფციის სიმცირეს. ყველა პარამეტრით საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი, თუმცა, ამ ფონზე, ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, საქართველოში შეეცვალა ხელისუფლება. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავძალიანდით და არ ჩავერთეთ ომში, მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა აღსრულება, და მათთვის უსამართლობა იყო ამ გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთი ინსტრუმენტი. ევროკავშირის ელჩმა გადაწყვიტა, პირდაპირ ჩაგვრეოდა ადგილობრივ დემოკრატიულ არჩევნებში, 2024 წელს. ევროკავშირის ელჩი პირდაპირ მოუწოდებდა ქართველ ამომრჩეველს ხელისუფლების წინააღმდეგ მობილიზებისკენ. პირდაპირ სცენაზე გამოდიოდნენ ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ამ დონეზე გათამამდნენ საკუთარ უსამართლობაში. ამან, რა თქმა უნდა, შექმნა პრობლემები და გააჩინა ბზარი ურთიერთობებში, რაც აბსოლუტურად ლოგიკური იყო. სადაც არის უსამართლობა, იქ ვერ შედგება ჯანსაღი ურთიერთობები.
შესაბამისად, ახლა ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი. ვერ გამოდიან ამ წრიდან. თვითონვე შექმნეს ეს უსამართლობის წრე, თვითონვე ჩაიკეტეს თავი ამ წრეში და აქედან ახლა ვეღარ გამოდიან. მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე. თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, ძალიან მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამ კუთხით, ჩვენი ხელი არის გაწვდილი. დაველოდებით მათ გათავისუფლებას კომპლექსებისგან“, – განაცხადა პრემიერმა.


