“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს და დააფიქსირა ის სათქმელი და კითხვები, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ”, – წერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.
„თანამედროვე ქართული სახელმწიფო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას. ის აღარ არის ვინმეს ინტერესების გატარების არეალი. აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თანაბარუფლებიანად პოზიციონირებს საერთაშორისო პოლიტიკაში.
ერთი მხრივ, საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა.
ამავე სცენარის ნაწილია რადიკალიზმისა და სიძულვილის ენის დაფინანსება და კონკრეტულ დესტრუქციულ ქმედებებზე თვალის დახუჭვით, მათი წახალისება.
არავისზე ნაკლები ევროპული ქვეყანა საქართველო არ არის. უფრო მეტიც, ის დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული კერაა.
ქართველ ხალხს აქვს სრული უფლება ევროინტეგრაციის გზაზე მოითხოვოს სამართლიანი დამოკიდებულება და პასუხები მიიღოს ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც მას ლეგიტიმურად გააჩნია!“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.


