გია აბაშიძე კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე: „კადრები, რომლებმაც მსოფლიო მოიარა, უპრეცედენტოდ სამარცხვინოა, თუმცა არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ ევროპაში, სადაც პოლიციის ხისტი და გადამეტებული ძალა ყოველდღიურ რეალობად იქცა“

2

„კადრები, რომლებმაც მსოფლიო მოიარა, უპრეცედენტოდ სამარცხვინოა, თუმცა, სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ ევროპაში, სადაც პოლიციის ხისტი და გადამეტებული ძალა ყოველდღიურ რეალობად იქცა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ კოპენჰაგენში საპროტესტო აქციის დარბევაზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა დავსვა ასეთი რიტორიკული შეკითხვა — ხომ არ დალპა კიდევ რაღაც დემოკრატიის თვალსაზრისით დანიის სამეფოში?

რაც მოხდა, კონკრეტულად მაერსკის ოფისთან მემარცხენე აქტივისტების მცირე „ბუნტი“ და პროტესტი იყო. ეს ადამიანები პაციფისტები არიან და არ სურთ, რომ მაერსკმა — ამ მსხვილმა გადამზიდავმა კომპანიამ — ისრაელში შეიარაღება ჩაიტანოს. სწორედ ამას აპროტესტებდნენ. იქ არ ყოფილა არც ხელისუფლების დამხობის მოწოდებები, არც პიროტექნიკა და არც სხვა რაიმე ძალადობრივი ქმედება.

ცხადია, ვიცით, რომ უკანონო პროტესტის აღკვეთა ხდება შესაბამისი და პროპორციული ძალის გამოყენებით, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, კოპენჰაგენში იყო პოლიციის მხრიდან სადამსჯელო და ბრუტალური ქმედებები.

ეს პირველად ხომ არ გვინახავს? რამდენჯერ გვინახავს მსგავსი რამ საფრანგეთის ქუჩებში, სადაც პოლიცია პირდაპირი მნიშვნელობით ნადირობს აქციის მონაწილეებზე — მნიშვნელობა აღარ აქვს, პროტესტი კანონიერია თუ უკანონო. იმავეს ვხედავთ ბრიტანეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში — ძაღლების გამოყენებას, ცხენებით ადამიანების გადაქელვას. აღარაფერს ვამბობ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც ტყვიასა და ელექტროშოკს ისე იყენებენ, რომ ამას ხშირად მძიმე ტრავმები, ზოგჯერ კი ლეტალური შედეგებიც მოჰყვება.

ეს „ევროკრატები“ გამოდიან და გვასწავლიან ჭკუას, გვითითხნიან ისეთ სისულელეებს, როგორიცაა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „კამიტის“ გამოყენება და ასე შემდეგ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, და ამავე დროს თავს დემოკრატიის „ციტადელად“ წარმოაჩენენ. დემოკრატიის კი არა — ჩამყაყების „ციტადელებად“ იქცნენ, რაზეც ძალიან მკაფიოდ და ზუსტად მიუთითეს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ და თბილისის მერმა კალაძემ, როდესაც გერმანელ ხალხს „მიუსამძიმრეს“, რადგან იქაც მოკვდა დემოკრატია — მას შემდეგ, რაც ზაარბრიუკენის საკრებულომ თუ მერიამ გადაწყვიტა, საქართველოსთან კავშირები გაწყვიტოს.

ამას უკვე სასაცილო მდგომარეობაც აღარ ჰქვია — ეს ტრაგიკომიკური რეალობაა. და საერთოდ, რაზე გველაპარაკებიან? რა ევროინტეგრაციაზე? „ევროკრატიაში ინტეგრაცია“ პირდაპირ ნიშნავს რომ ვასლებად ვიქცეთ, რაც არც სუვერენულ საქართველოს სურს და, საბოლოოდ, არც იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც დღეს თავად არიან ევროკავშირში.

ვასალობის ეპოქა დიდი ხანია დასრულდა და ნუ ჰგონიათ კაია კალასებსა თუ მარტა კოსებს, რომ ქართველი ხალხის თვალში რაიმე განსაკუთრებულ ავტორიტეტს წარმოადგენენ. ჩვენი საზოგადოება იმდენად ინფორმირებულია, რომ მათ განცხადებებს სერიოზულად აღარ აღიქვამს. შესაბამისად, ვერავინ გვიკარნახებს, რა კანონები მივიღოთ, როგორ ვიცხოვროთ და როგორი მომავალი ავაშენოთ საქართველოში“, – განაცხადა გია აბაშიძემ.