გია აბაშიძე სპეციალური სამმართველოს შექმნაზე: „ამტკიცებენ, თითქოს ვიღაცას „ლაიქების“, კრიტიკის ან განსხვავებული აზრის გამო დააჯარიმებენ და დააპატიმრებენ, რაც სრული სისულელე და ბოდვაა, მაშინ როცა რეალურად საქმე ეხება სტანდარტულ დემოკრატიულ პრაქტიკას — დაუშვებელია ძალადობის, შუღლისა და სიბოროტის წახალისება და ტირაჟირება“

3

„ამტკიცებენ, თითქოს ვიღაცას „ლაიქების“, კრიტიკის ან განსხვავებული აზრის გამო დააჯარიმებენ და დააპატიმრებენ, რაც სრული სისულელე და ბოდვაა, მაშინ როცა რეალურად საქმე ეხება სტანდარტულ დემოკრატიულ პრაქტიკას — დაუშვებელია ძალადობის, შუღლისა და სიბოროტის წახალისება და ტირაჟირება“ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და შუღლის გაღვივების პრევენციის მიზნით შეიქმნა.

„როგორც ყოველთვის, ყველა ინიციატივის ვითომ „გაუბრალოებას“ და არადემოკრატიულობის სიბრტყეში გადატანას სრულიად უშედეგოდ ცდილობენ ეს „სექტანტები“. ამტკიცებენ, თითქოს ვიღაცას „ლაიქების“, კრიტიკის ან განსხვავებული აზრის გამო დააჯარიმებენ და დააპატიმრებენ, რაც სრული სისულელე და ბოდვაა.

ზუსტად ამიტომ უნდა იყოს დაცული გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იმ ტოქსიკური გარემოსგან, რასაც ჰქვია ორკესტრირებულად შუღლისა და სიძულვილის გაღვივება, ძალადობისკენ მოწოდებები და მსგავსი ქმედებები. შუღლის გაღვივება და ძალადობისკენ მოწოდება არ არის გამოხატვის თავისუფლება. არც ადამიანის დამცირებაა გამოხატვის თავისუფლება. ამას ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებაც. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დიქტატურა ან ავტოკრატია მყარდება. ამ ნარატივის აგებას უკვე წლებია ცდილობენ, მაგრამ ვერაფრით შეძლეს.

რა თქმა უნდა, იქნება ბექვოკალი ბრიუსელიდან და ზოგიერთი ევროპული დედაქალაქიდან — იმ უსახური საგარეო აქტორებისგან, რომლებიც უკვე სასაცილო პერსონაჟებად და ანეკდოტების თემად იქცნენ ქართულ „ზეპირსიტყვიერებაში“. თუმცა რეალურად საქმე ეხება სტანდარტულ დემოკრატიულ პრაქტიკას: დაუშვებელია ძალადობის, შუღლისა და სხვა სიბოროტის წახალისება და ტირაჟირება — იქნება ეს ტელეეკრანიდან, სოციალური ქსელებიდან თუ ნებისმიერი საჯარო სივრციდან. ამ ყველაფერს შესაბამისი მონიტორინგი გაეწევა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამმართველოს მხრიდან და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება.

სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ ბევრი ადამიანი, რომელმაც უკვე არაერთი შეურაცხყოფა და ცილისწამება მიიღო ამ ტოქსიკური ჯგუფებისგან, სასამართლოს მიმართავს. არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც საჯარო პირებმა — ჟურნალისტებმა თუ სხვა პროფესიის ადამიანებმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან — სარჩელი შეიტანეს და სასამართლომ მათი სამართლიანი მოთხოვნები დააკმაყოფილა.

მარტივად რომ ავხსნა, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს ტოქსიკური, ბოროტი ნარატივებისგან, სიძულვილის კამპანიებისა და ძალადობრივი მოწოდებებისგან“, – განაცხადა გია აბაშიძემ.