„ჰორმუზის სრუტე იქცა ერთგვარ სტრატეგიულ წერტილად, რომელიც ქმნის ენერგოკრიზისის რისკს და მომავალში შესაძლოა ინტერნეტკრიზისის წყაროდაც იქცეს“ – გია აბაშიძე

5

„ჰორმუზის სრუტე იქცა ერთგვარ სტრატეგიულ წერტილად, რომელიც ქმნის ენერგოკრიზისის რისკს და მომავალში შესაძლოა ინტერნეტკრიზისის წყაროდაც იქცეს. ეს ვიწრო საზღვაო გასასვლელი ირანის მახლობლად განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა — ისევე როგორც მსოფლიოს სხვა შვიდი სრუტე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საქონლისა და ენერგორესურსების ტრანზიტისთვის“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„ის, რაც დღეს ირანის გარშემო ხდება, დიდწილად მოსალოდნელი იყო. არაერთხელ მითქვამს, რომ ტრამპი, პეკინში ჩასვლამდე, გარკვეულ ეტაპზე ირანის კრიზისის მოგვარებას ეცდებოდა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა. პროცესში ჩართული არიან შუამავლები — რუსეთი, ჩინეთი, პაკისტანი და სხვა ქვეყნები, რომლებსაც თავად თეირანი ენდობა, თუმცა რეალური შედეგი ჯერ არ ჩანს.

ამ ყველაფრით კი რუსეთი მდიდრდება. უკვე მესამე თვეა, შემსუბუქებული სანქციების პირობებში, ნავთობპროდუქტების ექსპორტს აგრძელებს. 16 მაისს ამ შემსუბუქებული რეჟიმის ვადა იწურებოდა, თუმცა 18 მაისს ამერიკის ხაზინამ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა შეღავათები, რის შედეგადაც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი მილიარდობით დოლარს იღებს. ვის ატყუებენ ასეთი „სანქციებით“? უპირველესად — უკრაინელ ხალხს, რომელსაც უყიჟინებენ, რომ ბოლომდე იბრძოლონ, მაშინ როცა თვითონ სხვადასხვა შემოვლითი გზებით რუსეთის სამხედრო მანქანას ამდიდრებენ.

ამიტომაც ვამბობ, რომ გეოპოლიტიკური, მორალური და ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით, ევრობიუროკრატია ნიღაბჩამოხსნილია და მას არ აქვს მორალური უფლება, სხვებს თითი უქნიოს და ჭკუა ასწავლოს.

რაც შეეხება ირანს, ეს კონფლიქტი ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს, რადგან საქმე მხოლოდ ენერგოკრიზისს არ ეხება. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინტერნეტკაბელები, რომლებიც ძირითადად ამერიკული კომპანიების მიერ არის გაყვანილი ოკეანის ფსკერზე. ინტერნეტკავშირის შეფერხება კი არ ნიშნავს მხოლოდ სახლებსა და ოფისებში სერვისის შეწყვეტას — ეს ნიშნავს, რომ სერვისის მიწოდება შეუწყდება სპარსეთისა და არაბეთის ყურის რეგიონულ ქვეყნებს, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს ფინანსურ და საბანკო სისტემებს და იმაზე დიდ ზარალს გამოიწვევს, ვიდრე ეს ენერგორესურსებზეა.

ამ თვალსაზრისით, ჰორმუზის სრუტე ირანისთვის ბირთვულ იარაღზე არანაკლებ ძლიერი იარაღია, რომელსაც იყენებს, თუმცა, საბოლოოდ, როგორც ვაშინგტონის, ისე თეირანის მხრიდან მაქსიმალისტური მოთხოვნები გარკვეულწილად უნდა შემცირდეს, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური შეთანხმების მიღწევა“, – განაცხადა გია აბაშიძემ.