„არცერთ ევრობიუროკრატს არ გაუკრიტიკებია დანიის ხელისუფლება, მაშინ როცა მსგავსი რამ საქართველოში რომ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარებდნენ, ამბავს არ გააციებდნენ და განცხადებებს ერთმანეთის მიყოლებით გააკეთებდნენ — სწორედ ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ“ – ირაკლი ჭეიშვილი კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე

2

„არცერთ ევროპული ქვეყნის მაღალჩინოსანს, არცერთ ევრობიუროკრატს არ გაუკრიტიკებია დანიის ხელისუფლება, მაშინ როცა მსგავსი რამ საქართველოში რომ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარებდნენ, ამბავს არ გააციებდნენ და განცხადებებს ერთმანეთის მიყოლებით გააკეთებდნენ — სწორედ ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ჭეიშვილმა კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ჭეიშვილმა ასევე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილი, რომლითაც ირაკლი კობახიძემ ევრობიუროკრატებს მიმართა.

„პრემიერმა თავის ღია წერილში ზუსტი აქცენტები გააკეთა იმაზე, თუ რა პოლიტიკას ატარებს დღევანდელი ევროპა არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ ზოგადადაც. წლების წინ ევროპა აბსოლუტურად სხვა ფასეულობებზე იდგა და სხვა ტრადიციები ჰქონდა, დღეს კი ვხედავთ განსხვავებულ რეალობას. საქართველოსთან მიმართებით თუ ვისაუბრებთ, რაც გახდა კიდეც პრემიერის ღია წერილით მიმართვის საფუძველი, წლების განმავლობაში გამოიყენება ორმაგი სტანდარტი.

როდესაც ევროპა საუბრობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, წლების წინ მართლაც იყო ამის ერთ-ერთი ფლაგმანი და მაგალითის მიმცემი. თუმცა დღეს აბსოლუტურად საპირისპირო ხდება, ყოველ შემთხვევაში ბოლო წლების განმავლობაში.
მაგალითისთვის ავიღოთ რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში გამართულ მინისტერიალზე ჩვენი ტელევიზიების არდაშვება და მათი დასანქცირება. ვინ დამარწმუნებს იმაში, რომ სანდუმ გადაწყვიტა იქ შეეშვათ თუ არ შეეშვათ ჩვენი ტელეკომპანიები. თავიდან ბოლომდე ბრიუსელის კარნახით აქვთ გაწერილი ყოველი დღე და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე ბრიუსელი იყო ჩართული. ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული.

ეს არის ერთგვარი ჯაჭვი: ჯერ იყო დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციები, შემდეგ ეს კონკრეტული სამიტი და მანამდე კიდევ სხვა მსგავსი ფაქტები. აქ ჩანს მათი მიზანმიმართული და სისტემურად დაგეგმილი პოლიტიკა, მაშინ როდესაც ჩვენ გვიწუნებენ დემოკრატიის ხარისხსა და სიტყვის თავისუფლებას.

ახლა გადავიდეთ დანიის შემთხვევაზე. ჩვენ გვახსოვს, როდესაც საქართველოში მიმდინარე აქციების დროს, რომლებიც ოპოზიციის შეფასებით გარედან იყო წახალისებული, მათ შორის ბრიუსელისა და იმდროინდელი ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან, დანიის ხელისუფლება გამოდიოდა კრიტიკით და გვიწუნებდა დემოკრატიულ პროცესებსა და გამოხატვის თავისუფლებას.

აღშფოთებულები და შეშფოთებულები იყვნენ, მაშინ როდესაც ჩვენთან მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პოლიციას, ადმინისტრაციულ შენობებს, მოლოტოვის კოქტეილებით წვავდნენ ჩვენს პოლიციელებს და პირდაპირ აანონსებდნენ ხელისუფლების დამხობას.
ამ ფონზე, სანამ მომიტინგეები არ გადავიდნენ ღია ძალადობაზე პარლამენტთან, სანამ არ დაიწყეს პოლიციელებზე შეტევები და მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ხელისუფლება მაქსიმალურად თავშეკავებულად მოქმედებდა და არ იყენებდა ძალას. დღეს კი ვხედავთ, როგორ ექცევა დანიის ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს — ძაღლებიც კი მიუქსიეს.

საინტერესოა, რომ არცერთი ევროპული ქვეყნის მაღალჩინოსანს, არცერთ ევრობიუროკრატს არ გაუკრიტიკებია ამისთვის დანიის ხელისუფლება. ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოს პრემიერმა ღია წერილით მიმართა.
არადა ეს რომ საქართველოში მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, არ დააყოვნებდნენ, ამბავს არ გააციებდნენ და განცხადებას განცხადებაზე გააკეთებდნენ. ეს არის ზუსტად ის ორმაგი სტანდარტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რაზეც პრემიერმაც ისაუბრა და კონკრეტული კითხვები დასვა.

და ბოლოს, საქართველო კი არ შორდება ევროპას, თავად ევროპა შორდება იმ ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომლებზეც წლების განმავლობაში იდგა. ჩვენი მომავალი ევროპაშია და ჩვენ გვინდა ევროპა, რის გამოც ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიმართულებით. არაერთხელ გვითქვამს, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა პარამეტრით მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად — შემდეგ კი ჯერი მათზე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.