ირაკლი ჭეიშვილი რუმინეთის სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტზე: „როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის, „ფარას“ და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონებს, რუმინეთიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, აქტიურად გვაკრიტიკებდა. ეს იყო ორკესტრირებული კამპანია, სადაც ერთხმად გამოდიოდნენ საქართველოს წინააღმდეგ“

1

„როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს, „ფარას“ კანონს, ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონს, რუმინეთიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, აქტიურად გვაკრიტიკებდა. ეს იყო ორკესტრირებული კამპანია, სადაც ყველა ერთხმად გამოდიოდა ჩვენ წინააღმდეგ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, რუმინეთის სენატის მიერ მიღებული კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გასაჯაროებას ავალდებულებს.

„რაც დრო გადის, მეტად ნათელი ხდება, რომ ჩვენ სიმართლეს ვამბობდით — ამას დღეს უკვე არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ყველა ის ადამიანიც ხედავს, ვისაც გულწრფელად შესტკივა გული ჩვენს ქვეყანაზე.

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ კანონების მიღება ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი იყო, რათა არავის ჰქონოდა შესაძლებლობა, შავი ფულისა და გარე ძალების დახმარებით მოეხდინა გადატრიალება, ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილება და საზოგადოებაში არეულობის შეტანა. რისი საბოლოო მიზანიც ქვეყნის სათავეში მათივე მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა გახლდათ — იმ ადამიანებისა, რომელთა მმართველობის შედეგებიც და დამოკიდებულებაც ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.