ირაკლი ჭეიშვილი მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებებზე: „ამ ფორუმზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და ჩვენ გვერდს ვერ აგვივლიან ვერც ევროპა და ვერც დანარჩენი მსოფლიო“

2

„ამ ფორუმზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და ჩვენ გვერდს ვერ აგვივლიან ვერც ევროპა და ვერც დანარჩენი მსოფლიო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, აზერბაიჯანში მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი იყო და უმნიშვნელოვანესი იყო ამ ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად წაადგება.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და ჩვენ გვერდს ვერ აგვივლიან ვერც ევროპა და ვერც დანარჩენი მსოფლიო. საქართველო და აზერბაიჯანი შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის აკავშირებენ აზიასა და ევროპას ერთმანეთთან, რაც ჩვენს ქვეყანას ანიჭებს განსაკუთრებულ გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.

რა სარგებელს მოუტანს ეს ხელშეკრულებები ჩვენს ქვეყანას, ამას ალბათ ახსნაც არ სჭირდება. ხელი მოეწერა შეთანხმებებს, მათ შორის 20 წლით გადავადდა ხელშეკრულებები ბუნებრივი აირის იმპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით, ასევე ელექტროენერგიის იმპორტისა და ტრანზიტის ნაწილში. ცალკე აღსანიშნავია მილსადენის პროექტი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. მისი აღდგენა ათეულობით მილიონ ლარს მოუტანს სახელმწიფო ბიუჯეტს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია სარკინიგზო მიმოსვლის განვითარება და ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტი. ბაქო–თბილისის მიმართულებით რეისი პირველად 26 მაისს განხორციელდება, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ.

ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები და შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტს მილიონობით ლარის დამატებით შემოსავალს მოუტანს, რაც არის ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვისა და სწორი პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.