შალვა პაპუაშვილი ჩინეთში ვიზიტის შესახებ: „ჩინეთის ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად იდენტური მიდგომა, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს ყველა ქვეყანა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი უნდა იყოს მთავარი“

2

„ის ფაქტი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი არის ჩინეთში, ხაზს უსვამს ამ ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობის ისტორიულად მაღალ დონეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა
ჩინეთში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას.

„ჩინეთსა და საქართველოს შორის რამდენიმე წელია, არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ჩვენს მოსახლეობაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობაზეც.
კერძოდ, გაზრდილია ვაჭრობა ქვეყნებს შორის; გაზრდილია ტურიზმი ქვეყნებს შორის; გაზრდილია პირდაპირი ფრენები ქვეყნებს შორის, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას, ისარგებლოს როგორც ეკონომიკურად, ისე ხალხებს შორის ურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარების მხრივაც.

ამ ვიზიტის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ჩემს კოლეგას, ასევე, გვქონოდა შეხვედრები იმ წრეებთან, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე და გვესაუბრა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე; ასევე, გვესაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების რღვევის მხრივ. ნათელია, რომ ჩინეთის ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად იდენტური მიდგომა, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს ყველა ქვეყანა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი უნდა იყოს მთავარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.