“პოლიტიკოსების თუ აქტივისტების ეს მარგინალური ჯგუფი მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული – რამენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, რომლებიც მათ დაკვეთებს აძლევენ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, რომელიც, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ჩინეთში იმყოფება.
ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიციურ ალიანსს ჰქონდა 26 მაისს დაგეგმილი აქციის მოსამზადებელი შეხვედრა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ დასწრებია და რა რესურსს ხედავს ის ოპოზიციაში.
„არანაირს [რესურსს] არ ვხედავ. 26 მაისს აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ქართველი ხალხის ზეიმი იქნება ეს [დღე]. ვხედავთ, გვყავს მარგინალების ჯგუფი, რომლის მიზანია ერთადერთი რამ – თავები დაანახონ თავიანთ პატრონებს. დანახების პოლიტიკა, რომელიც მათ აქვთ, შეუძლიათ ასე აწარმოონ და იყვნენ თავიანთ დამკვეთებთან ამ ურთიერთობაში. ქართველი ხალხი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და იქ [რუსთაველის გამზირზე] იქნება ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, როგორც არის ყველა დიდ დღესასწაულზე და დიდ მოვლენაზე ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


