„ის, რომ სიძულვილის, ზიზღის ენა არ იყოს საზოგადოების დისკუსიის დროს ლექსიკის ნაწილი, წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკისა და ემოციების საკითხს, არამედ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„გარკვეული პერიოდია, რაც საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობა მოიყვანა იმ შესაბამისობაში, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში არ უშვებს, მათ შორის, სიძულვილის ენას. ასე რომ, კანონმდებლობა არის სათანადო დონეზე და მნიშვნელოვანია, რომ აღსრულებაც იყოს აქტიური. მიხარია, რომ შსს-მ გადაწყვიტა, პროაქტიულად მიუდგეს, ამ საკითხისთვის შექმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც დაკავდება იმით, რომ აღმოიფხვრას ღვარძლის, მტრობის მცდელობები, რა მიზანიც დღეისათვის სიძულვილის ენას აქვს საქართველოში.
გუშინ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საბოლოო ბეჭედი დაასვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას. ამ გადაწყვეტილებით სრული მხარდაჭერაა ამ პოლიტიკის მიმართ. კიდევ კარგი, რომ სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან, საქართველოში სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ეს არის კიდევ ერთი მარცხი ბრიუსელის საქართველოსთან და კიდევ ერთი მხილება, რომ სიძულვილის ენა სრულად ითესება გარედან. თქვენ გახსოვთ, მათ შორის, სიძულვილის კამპანიაში ჩართული ელჩები – გერმანიის ელჩი, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა ერთ-ერთ შეხვედრაზე და ამაზე არანაირი რეაქცია არ აქვს. ეს საკითხი წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკისა და ემოციების საკითხს, არამედ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რომ შეურაცხყოფა, სიძულვილის, ზიზღის ენა არ იყოს საზოგადოების დისკუსიის დროს ლექსიკის ნაწილი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის: სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.


