დავით ჩიხელიძე: “საპატრიარქოს ეზოში შევარდნა არაა უბრალო ინციდენტი; ესაა იმ აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათ მიერ მართული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ეწევიან”

5

“საპატრიარქოს ეზოში შევარდნა არ არის უბრალო ინციდენტი ან შემთხვევითი აქტი; ეს არის იმ დაუღალავი, აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათ მიერ მართული მედიასაშუალებები წლებია, მიზანმიმართულად ეწევიან. მათი მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ ზიზღის ტირაჟირება ყოველდღიურ ნორმად იქცა, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ზუსტად ასეთ რადიკალურ და საშიშ ნაბიჯებში ისახება”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

„დღეს საპატრიარქოს ჭიშკარი იმ აგრესიამ შეანგრია, რომელსაც ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან მუდმივად აფრქვევენ. როცა ადამიანებს ასწავლი საკუთარი სიწმინდეებისა და ტრადიციების სიძულვილს, შედეგად იღებ ზუსტად იმას, რაც დღეს ვიხილეთ – შეურაცხმყოფელ ყვირილსა და ფიზიკურ იერიშს სულიერების ცენტრზე.

ეს შემთხვევა კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ანტიეროვნულმა და ანტიეკლესიურმა რიტორიკამ. დროა, ყველამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დასრულდეს ეს მიზანმიმართული კამპანია ქვეყნის მთავარი საყრდენის წინააღმდეგ!“ – წერს ჩიხელიძე.