„ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაა და პოლიტიკურადაც უდიდესი წონა აქვს, ამიტომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასთან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის ის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და, ამ მხრივ, ჩინეთში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო გამორჩეული.
სამი დღის განმავლობაში გვქონდა ძალიან სერიოზული შეხვედრები, როგორც დედაქალაქში ისე პროვინციებში“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.
„ახლა ვიმყოფებით შაანსის პროვინციაში, რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი ისტორიული პროვინცია. ვფიქრობ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარება იქნება ძალიან კარგი. სხვათა შორის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველწლიურად იმატებს ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში.
საინტერესო იყო ისიც, რომ ამ პროვინციაში, სადაც ახლა ვართ, არსებულ სიმდიდრეზე საუბრისას, პროვინციის ხელმძღვანელი მთავარ აქცენტს აკეთებდა არა ბუნებრივ რესურსებსა და ეკონომიკაზე, რითაც მართლა გამორჩეულია პროვინცია, არამედ განათლებასა და წარმატებაზე კვლევითი მიმართულებით. ალბათ, ეს ის სფეროა, რაშიც ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის“, – განაცხადა სუბარმა.


