გურამ მაჭარაშვილი 26 მაისის აქციაზე: „მათი მიზანი საქართველოში არეულობის გამოწვევაა, რათა შემდეგ ამღვრეულ წყალში მათთვის სასარგებლო „თევზი“ დაიჭირონ“ — ქვეყნის დამოუკიდებლობა მათ არ აინტერესებთ, მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ

17

„მათი მიზანი საქართველოში არეულობის გამოწვევაა, რათა შემდეგ ამღვრეულ წყალში მათთვის სასარგებლო „თევზი“ დაიჭირონ“ — ქვეყნის დამოუკიდებლობა მათ არ აინტერესებთ, მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„მე მგონია, რომ აღარ უნდა ვეძებოთ ამ ხალხში — ანტისახელმწიფოებრივ, რადიკალურ ძალებში — რაიმე იდეა ან გეგმა. პრინციპში, მათ თავადაც არაერთხელ გულწრფელად აღიარეს: „რა გეგმას გვთხოვთ, პროცესები როგორც განვითარდება, იმის მიხედვით მოვიქცევითო“. რაც შეეხება მათ მიზანს, ეს არის საქართველოში არეულობის გამოწვევა, რათა შემდეგ ამღვრეულ წყალში მათთვის სასარგებლო „თევზი“ დაიჭირონ.

რაც შეეხება კითხვას — რატომ მაინცდამაინც 26 მაისი? — ამაზე მე პირადად ძალიან მარტივი პასუხი მაქვს: ისინი ვერასოდეს ახერხებენ საზოგადოების და ხალხის მობილიზებას. როგორც ქართულ ფილმ „ყვარყვარეშია“ — ჯარი თავის გზაზე რომ მიდის და ყვარყვარე ისე ჩაუდგება წინ, თითქოს ჯარი მას მიჰყავს — ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა. რადიკალებმა კარგად იციან, რომ ხალხი ღონისძიებაზე მივა და ეცდებიან, ეს ადამიანები თავიანთი აქციის მონაწილეებად წარმოაჩინონ. სხვა ახსნა უბრალოდ ამას არ აქვს.

მით უმეტეს, როდესაც 26 მაისი მათთვის უდიდესი შავი ლაქაა. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ მათი პოზიცია არა მხოლოდ 26 მაისთან დაკავშირებით, არამედ ზოგადადაც. მთელი ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში არაერთი დანაშაული დადასტურდა, თუმცა მათ არათუ ბოდიში არ მოუხდიათ, არამედ ამტკიცებენ, რომ ქვეყანას სწორად მართავდნენ და სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ქართულ სახელმწიფოებრიობას. ანუ ამ ხალხს სინანულის განცდა კი არ აქვს — პირიქით, სიამაყით იხსენებენ წარსულს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება გვიკვირდეს, როგორ აძლევთ მორალი უფლებას, 26 მაისს აქცია დააანონსონ, მაგრამ მათთვის ეს საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას — არანაირი შინაგანი განცდა არ აქვთ და შესაძლოა, არც კი ახსოვდეთ.

ეს არის მათი მორიგი მცდელობა — რა თქმა უნდა, წარუმატებელი — როგორმე გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება მათ აქციებზე, როგორი რეაქცია აქვს საზოგადოებას მათ გამოსვლებზე – არაერთხელ მომხდარა, რომ უკმაყოფილო შეძახილებით სცენიდანაც კი ჩამოუყვანიათ გამომსვლელები. ამიტომ 26 მაისს არაფერ ახალს არ ველით.

იდეოლოგიურად, როდესაც 26 მაისზე ვსაუბრობთ, იგულისხმება დამოუკიდებლობის აღნიშვნა. ეს ადამიანები კი პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი კონკრეტულ საერთაშორისო გაერთიანებას უნდა გადაეცეს. მათთვის დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებას ნიშნავს. შესაბამისად, ამ ხალხს რეალურად საერთოდ არ აინტერესებს დამოუკიდებლობა — მათთვის მთავარი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

და ბოლოს, მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ეყოფა თვითშეგნება, რომ პროვოკაციას არ აჰყვეს. თუმცა შესაძლოა არსებობდეს ცალკეული გამონაკლისებიც, რასაც შესაბამისი უწყებები მიხედავენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.