„კოპენჰაგენის ინციდენტი გახდა ის საკითხი, რომლის საფუძველზეც საქართველომ ღია პასუხები მოითხოვა კითხვაზე — რასთან გვაქვს საქმე დღევანდელი ევროკავშირის სახით: ფასეულობებთან თუ ევროკავშირის იდეის გამოყენებასთან საქართველოს წინააღმდეგ არალეგიტიმური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად?“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე საუბრისას განაცხადა.
„დანიაში მომხდარი ეს მძიმე ინციდენტი გამოყენებული იქნა მაგალითად და ამის გარშემო გაუხსნა სწორედ საქართველოს პრემიერმა ღია დისკუსია ევროკავშირის ხელმძღვანელობას. ამის მიზანი კი არის მხოლოდ ერთი – ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო გამუდმებით არის თავდასხმების ობიექტი. ვხედავთ აგრეთვე მეორე რეალობასაც – საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რეალური საბაბიც კი არ არსებობს, რომ რაიმე გააპროტესტონ.
თუ საქართველოს განვითარების შეფასებაზე გადავდივართ — რაც სახელმწიფოს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს — ევროკავშირის შესაბამისი საექსპერტო ინსტიტუტების, მსოფლიო ბანკისა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი, ასე ვთქვათ, შუა წრეში მოიაზრება.
მოკლედ, ეს ინდექსები და კვლევები აჩვენებს, რომ საქართველო თავისი შინაარსითა და რეალური მდგომარეობით არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, არამედ მასთან აქტიური დიალოგი უნდა მიმდინარეობდეს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით ხდება და ეს დიალოგი მათივე გადაწყვეტილებით შეწყვეტილია. ვიცით ისიც, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაც კი არაერთი წინააღმდეგობრივი პროცესისა და ერთგვარი ინტრიგის ფონზე მოხდა, რასაც აქ სხვადასხვა სახის ესკალაცია უნდა გამოეწვია.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, კოპენჰაგენის ინციდენტიც გახდა ის საკითხი, რომლის საფუძველზეც საქართველომ ღია პასუხები მოითხოვა კითხვაზე — ბოლოს და ბოლოს, რასთან გვაქვს საქმე დღევანდელი ევროკავშირის, ევრობიუროკრატიის სახით: ფასეულობებთან თუ ევროკავშირის იდეის გამოყენებასთან საქართველოს წინააღმდეგ არალეგიტიმური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად?
რა თქმა უნდა, ამაზე პირდაპირი პასუხი არ იქნება და, სავარაუდოდ, ვერ და არც გასცემენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათ იციან — საქართველოს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შესწევს უნარი ასეთ საკითხებზე ღიად ისაუბროს და ღიად მიუთითოს მათ, რომ ის ქმედებები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება, კონტრპროდუქტიულია როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის, ისე თავად ევროკავშირის იდეისათვის და ამ იდეის დისკრედიტაცია ხდება მათი ასეთი ორმაგი კი არა, საერთოდ აღრეული სტანდარტებით.
და ბოლოს, ისევ კოპენჰაგენის თემას რომ დავუბრუნდეთ – თვითონ პროტესტის შინაარსიც ხომ მნიშვნელოვანია. იქ საუბარი იყო კერძო კომპანიასთან დაკავშირებულ საკითხზე და ადამიანთა მცირე ჯგუფის პაციფისტურ პროტესტზე, რომელიც სვამდა კითხვას — რატომ აწვდით იარაღს ხალხის გასანადგურებლად? ეს იყო, არსებითად, პაციფისტური ორგანიზაციის გამოხატულება.
საქართველოში კი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვხედავდით წინასწარ დაგეგმილ, ორგანიზებულ და კოორდინირებულ პროცესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლისა და გადატრიალების სცენარების განხორციელებაზე. ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ბუნებრივი და ლეგიტიმური იყო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


