„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება, თუმცა ანალოგიურად მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსების დაცვაც – სტრასბურგის სასამართლომ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“ – ირაკლი ქადაგიშვილი მილაძის საქმეზე

14

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება, თუმცა ანალოგიურად მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსების დაცვაც – სტრასბურგის სასამართლომ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ირაკლი მილაძის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„ირაკლი მილაძის „ქეისი“ ინდივიდუალურადაც საინტერესოა, თუმცა მნიშვნელოვანია მისი განხილვა ფართო კონტექსტში. გარკვეული პერიოდის წინ მიღებულ იქნა კანონმდებლობა, რომელიც ერთგვარად განსაზღვრავს პასუხისმგებლობას საზოგადოებაში ზიზღის ენის, სიძულვილისა და შუღლის გავრცელებასთან დაკავშირებით, მათ შორის თანამდებობის პირებზე სიტყვიერი თუ სხვა ფორმით განხორციელებული თავდასხმების შემთხვევებში.

რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ დააანონსა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც სწორედ ზიზღის ენასთან, სიძულვილის გაღვივებასთან, ადამიანების დაპირისპირებასთან და ბულინგთან დაკავშირებით პრაქტიულად იმოქმედებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც საქართველოს უკვე გააჩნია.

ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ატყდა აჟიოტაჟი, რომ ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. წმინდა ადამიანურ დონეზე რომ განვიხილოთ — მისაღებია, რომ ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ საჯარო სივრცეში, სოციალურ ქსელებში და სხვაგან? ნორმალური ფსიქიკის ადამიანისთვის ხომ მეორე ადამიანის შეურაცხყოფა მიუღებელი უნდა იყოს, შესაბამისად, რატომ ხედავენ ამაში პრობლემას? მეორე მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება, თუმცა ანალოგიურად მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსების დაცვაც.

ახლა რომ დავუბრუნდეთ ზემოთნახსენებ „ქეისს“ — სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, შესაბამის ევროპულ ქარტიებსა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. საქმე ეხებოდა მოქალაქეს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა თანამდებობის პირებს და სასამართლომ მას დააკისრა ჯარიმა, რაც შეფასდა როგორც სწორი და თანაზომიერი გადაწყვეტილება.

შესაბამისად, ის, რასაც ჩვენ საკანონმდებლო და აღსრულების დონეზე ვახორციელებთ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილებითაც, რომ ეს არის მართლზომიერი გადაწყვეტილება და ქმედება ხელისუფლების მხრიდან, რათა დაცული იყოს პიროვნება, დაცული პიროვნება კი ნიშნავს უსაფრთხო საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ორკესტრირებულ, ხშირად გარედან წახალისებულ და დაფინანსებულ პროცესებს, სადაც ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი დაპირისპირებისა და გახლეჩის სცენარების გათამაშება იგეგმება. ამას გულხელდაკრეფილები ნამდვილად ვერ ვუყურებთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.