„რა არის სიძულვილის ენა და რით განსხვავდება იგი სიტყვის თავისუფლებისგან — ამის ახსნა ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება. ასევე, ისიც კარგად ესმის ყველას, რას ემსახურება ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, ზურაბ ქადაგიძე შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის ინიციატივას, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ცნობიერებას მიზანმიმართულად ამახინჯებენ ძალები, რომლებიც გარე პატრონების ინტერესებს ემსახურებიან. ეს იმავე მოცემულობის ნაწილია, სადაც ავტოკრატიას დემოკრატიას უწოდებენ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას — დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენენ, მაშინ როდესაც ცივილიზებულ სამყაროში ყველაფერს თავისი რეალური სახელი ჰქვია.
დღეს რასაც ვაკვირდებით, არის მიზანმიმართული კამპანია, სადაც ეგრეთ წოდებული თავისუფალი სიტყვის შირმით შეფუთული, რეალურად კი მადისკრედიტირებელი კამპანიები, გაუთავებელი ლანძღვა და ადამიანების შეურაცხყოფა კონკრეტულ რადიკალურ ძალებსა და აქტივისტებს სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ეს გარე დავალებების ფონზე ხდება, რათა შეიქმნას სკანდალი, დაპირისპირება, დაძაბულობა და მსგავსი დღის წესრიგი.
შესაბამისად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ზოგადად შეიძლება იმ სტანდარტად ითვლებოდეს, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებას გამოხატავს, თუმცა საქართველოში ამ ადამიანებს ეს არ აწყობთ, რადგან პოლიტიკური ოპონირების სხვა მეთოდი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.


